დანიამ საქართველოს ფინანსური დახმარება 25 მილიონ კრონამდე გაუზარდა

დანიამ საქართველოს ფინანსური დახმარება 5 მილიონიდან 25 მილიონ კრონამდე გაუზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას TheCopenhagenPost-ი ავრცელებს.

დანიის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრის, მოგენს იანსენის განცხადებით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამასთან, საქართველოსთვის ფინანსური დახმარება წლიურად 5 მილიონიდან 25 მილიონ კრონამდე გაიზარდა ქვეყნის დემოკრატიისა და ფინანსური განვითარების მხარდაჭერის მიზნით.

"უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ამ ქვეყანას სურს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა", - განაცხადა მოგენს იანსენმა.

დანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის სომხეთი ჩაანაცვლა და ამჟამინდელი სტრატეგია 2013-დან 2017 წლამდე გაგრძელდება.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის ასევე არიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა.