Samsung-ი ჩინეთის ქალაქ ტიანზინში სმარტფონების მწარმოებელ ქარხანას ხურავს

სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics-ი ჩინეთში მოქმედ ერთ-ერთ ქარხანას, სადაც მობილურ ტელეფონებს აწარმოებს, დახურავს.

ამის მიზეზად კი სახელდება სმარტფონების ბაზარზე კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნის კლება, დაბალფასიანი კონკურენტების სასარგებლოდ - იუწყება euronews.

მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიის წილი ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე 1%-ით შემცირდა, მაშინ როცა საკუთარი წილი გაზარდა ადგილობრივმა Huawei-იმ.

„Samsung-ს მოუწია ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება“ ,- აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ირკვევა აღნიშნულ ქარხანაში 2,600 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის გაცხადებით, ის კომპენსაციას გადაუხდის თანამშრომლებს და მათ ნაწილს კომპანიის სხვა ნაწილში გადაანაწილებს. ქარხნის გაჩერება წლის ბოლომდე იგეგმება. ამ ქარხანაში კომპანია წლიურად 36 მილიონ სმარტფონს აწარმოებდა.

ცნობისთვის, Samsung-ს მეორე მსხვილი ქარხანა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ჰიუჟუშიც აქვს, სადაც წლიურად 72 მილიონი სმარტფონის წარმოება ხდება. კომპანიას ასევე ორი მსხვილი ქარხანა აქვს ვიეტნამში, სადაც ჯამში 240 მილიონ სმარტფონს აწარმოებს.

კოკა კვირკველია