გლეხებს პროდუქტს 2020 წლამდე არ შეუმოწმებენ

”თუკი პროდუქტი მაღაზიაში შევა, ამ შემთხვევაში კონტროლი ჩვეულებრივად მოხდება”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ფიზიკური პირები სურსათის კონტროლისგან 2020 წლამდე გათავისუფლებულნი არიან. გლეხს, რომელიც საკუთარ ყველს, რძეს, კვერცხს თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს ყიდის, პროდუქტს არავინ შეუმოწმებს. კონტროლი გამკაცრდა მხოლოდ იურიდიული პირების მიმართ, ანუ თუ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ სავაჭრო ქსელში მოხვედრილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნეა, იგი განადგურდება, ხოლო მეწარმე - დაჯარიმდება.

სურსათის უვნებლობის კონტროლის გამკაცრება ღრმა და ყოვლისმოცმველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინა პირობა იყო. სპეციალისტები აღნიშნავენ, ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნების გარეშეც უნდა ზრუნავდეს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ვალდებულია მავნე პროდუქტისგან დაიცვას იგი, შესაბამისად კი, ბაზრის კონტროლი გაამკაცროს.

სურსათის გაკონტროლება განსაკუთრებით 2013 წლიდან გაძლიერდა და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მიმართულებით ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღმოუჩენია, რომ სუპერმარკეტში პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი განადგურება მოუთხოვია, მეწარმე კი დაუჯარიმებია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მეწარმემ ამგვარი რისკი თავიდან რომ აირიდოს, უმჯობესია, მის მიერ წარმოებული პროდუქტი ლაბორატორიაში შეამოწმოს. ამასთან, სუპერმარკეტი დაინტერესებული უნდა იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული პროდუქტის მიღებისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სოხაძე განმარტავს, რომ მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმება არ არის ერთადერთი ვალდებულება. შემოწმება კონტროლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და დადასტურებაა იმისა, რომ სურსათი არის უვნებელი ან მავნე.

”ლაბორატორიული შემოწმება არის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი. თავად მწარმოებელს აქვს შესაძლებლობა, დარწმუნდეს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტი უვნებელია, მაგრამ ასევე დარწმუნებული უნდა იყოს რეალიზატორი, რომ იგი ჯანსაღ პროდუქტს ყიდის. ზოგადად, სურსათის კონტროლის მოთხოვნა ეხება ყველა სახის პროდუქტს, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე ხვდება. აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსში, რომელიც სურსათის უვნებლობის ძირითად მოთხოვნებს არეგულირებს, ფიზიკურ პირებზე კონტროლი 2020 წლამდეა გადავადებული”, - ამბობს მიხეილ სოხაძე.

რაც შეეხება ლაბორატორიებს, სოხაძის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა რეგიონულ ცენტრში აქვს თავისი ლაბორატორიის ფილიალი. ბევრ ქალაქში არის კერძო ლაბორატორიები: ”თუკი ბიზნესოპერატორი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს მის ხელთ არსებული სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი, ამის შესაძლებლობა არსებობს და არც დიდ დანახარჯს უკავშირდება”.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლის გამკაცრება სურსათს არ გააძვირებს, ვინაიდან სამომხმარებლო ბაზრების დაახლოებით 80% ფიზიკური პირებისგან მარაგდება.

”2020 წლამდე ფიზიკურ პირებს არ ეხება სახელმწიფო კონტროლი, ანუ სურსათის ეროვნული სააგენტო მათზე ზედამხედვლეობასა და კონტროლს ვერ განახორციელებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მცირე რაოდენობით აწარმოებენ პროდუქტს და ძირითადად ბაზრებში ყიდიან. თუკი პროდუქტი მაღაზიებში შევა, ამ შემთხვევაში კონტროლი ჩვეულებრივად მოხდება. მაღაზიის ხელმძღვანელია პასუხისმგებელი იმაზე, რომ უვნებელი პროდუქტი მიიღოს. მან უნდა დაავალდებულოს შემომტანს, რომ მისი პროდუქტი იყოს უვნებელი”,- ამბობს მადონა კოიძე.

იგი აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით პირუტყვის მასობრივი აცრა მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხდება პირუტყვის გაჯანსაღება. ”მიმდინარეობს მასობრივი აცრა ჯილეხზე, თურქულზე და სხვადასხვა გადამდებ დაავადებებზე”, - აცხადებს კოიძე.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ბიზნესოპერატორების კონტროლი დაიწყო 2010 წელს. 2012 წელს რეგისტრაცია რეესტრში სავალდებულო გახდა სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის. სპეციალისტების განცხადებით, დღეისათვის ინსპექტირების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და 2013 წელს შემოწმება 2000-ზე მეტ საწარმოში განხორციელდა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”