"თბილისის ბიზნეს სახლის" თარჯიმნები კომპანიაში არსებულ თაღლითობის სქემასა და ექსპლუატაციას აპროტესტებენ. მათი პრესკონფერენცია 14 დეკემბერს,11:00 საათზე სოლიდარობის ქსელის ოფისში გაიმართება.
“თბილისის ბიზნეს სახლი” არის კერძო კომპანია, რომელიც იგებს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერებს და მთარგმნელობით მომსახურებას უწევს ფინანსთა, თავდაცვის და სხვა სამინისტროებს, ასევე, საპატრულო პოლიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ა.შ.
„კომპანია ფაქტობრივად, არასოდეს გასცემს დროულ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის. დასაქმებულ თარჯიმანთა შორის არიან ისეთები, რომელთათვისაც კომპანიას ათასობით ლარის დავალიანება აქვს გადასახდელი. დაზარალებულ თარჯიმნებს ყოველდღე უწევთ სამსახურში ხელფასის მოთხოვნის მიზეზით მისვლა, რაზეც კომპანიის პასუხია - სახელმწიფო არ რიცხავს ფულს.
ჩვენ საქმის წარმოება დავიწყეთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, რადგან საქმე გვაქვს კერძო კომპანიის მიერ თაღლითური მეთოდებით გამდიდრებასთან. სახელმწიფოს კერძო კომპანიების მიერ ტენდერების შესრულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, დაზარალებული თარჯიმნები კი კომპანიას თაღლითურ სქემაში ამხელენ და მასაც და სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირებას სთხოვენ,“-აღნიშნულია „სოლიდარობის ქსელის“ განცხადებაში.