საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ

ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის ,,Visa on Arrival" ამოქმედდება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება ,,Visa on Arrival", რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და ტაილანდის სამეფოში 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქ. ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან.

შეხვედრაზე საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება, ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასავითარებლად.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში, 8 დეკემბერს, ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა.