ავტობუსების 50% ტექინსპექტირებას ვერ გადის,- ამის შესახებ საქართველოში ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, მისი თქმით, 1-ლი იანვრიდან დღემდე, ტექინპექტირება გავლილი აქვს სულ 125 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც 88 000 დადებითად იყო მიჩნეული, 37 000 კი უარყოფითად.
„37 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა ტექინსპექტირება, თუმცა აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ბოლო პერიოდში გაცილებით გამკაცრებულია მოთხოვნები. თუ ადრე დახარვეზებული იყო დაახლოებით, 27% და შესაბამისად, ყოველი მეორე ავტომობილი ვერ გადიოდა ტექინსპექტირებას, ახლა ეს პროცენტი გაორმაგებულია და სადღაც, 50-60-% ვერ გადის. განმეორებით ტექინსპექტირებაზე შედარებით მოწესრიგებული მოჰყავთ ავტომობილები და იქ დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალების რაოდენობა დაახლოებით, 5%-ზეა ჩამოსული“,-განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.
მისი თქმით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, სადაც ავტობუსების 50% ტექდათვალიერებას ვერ გადის.
„ძალიან მძიმე ვითარებაა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით. განსაკუთრებით ავტობუსებზეა საუბარი. მათი წლოვანება 10 წელს აჭარბებს და შედეგი საკმაოდ მძიმეა. ის კატეგორია, ვინც შემოწმებაზე მოდის, შეიძლება ითქვს, რომ 50% თავიდან ვერ გადის ინსპექტირებას და უწევთ შეკეთების რეჟიმში ამ ავტომობილების მოვლა, მოწერიგება.
მიკროავტობუსები შედარებით ნაკლებ წლოვანების არის (5 წლის ფარგლებში), თუმცა აქაც საუბარია უხარისხო საწვავზე, შავ გამონაბოლქვეზე და აშ. ამ კუთხით, მონიტორინგი ნამდვილად გასამკაცრებელია“,-განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.