Apple ტექსასში ახალ, 1 მილიარდდოლარიან კამპუსს ააშენებს

კომპანია Apple ქალაქ ოსტინის (შტატი ტექსასი) ჩრდილოეთით ახალ კამპუსს ააშენებს, რაც 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

გარდა ამისა, მომდევნო ხუთ წელიწადში რამდენიმე მონაცემთა ცენტრს ააშენებს, რისთვისაც 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საერთო ჯამში, კომპანია შეერთებულ შტატებში 20 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

წლის დასაწყისში კომპანიამ პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებში 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს. მაგრამ პოლიტიკასთან და სავაჭრო დაძაბულობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მოსალოდნელი იყო, რომ Apple გეგმებს შეცვლიდა. თუმცა როგორც ჩანს, ასე არ მოხდება.

ქალაქ ოსტინში Apple უკვე აქვს ტექნიკური ცენტრი, რომელიც მისი მეორე უდიდესი ცენტრია კუმპერტინოს (კალიფორნია) შემდეგ. ახალი კამპუსი ამ ცენტრიდან ერთი მილის (1.6 კილომეტრი) დაშორებით აშენდება და დაახლოებით, 54 ჰექტარს დაიკავებს. თავიდან იქ 5 000 ადამიანი დასაქმდება. თუმცა შემდგომში დასაქმებულთა რიცხვი 15 000-ს მიაღწევს.

ოსტინის ახალი კამპუსის გარდა, Apple მომდევნო სამ წელიწადში ცენტრებს სიეტლში (შტატი ვაშინგტონი), სან დიეგოსა და კულვერ სიტიში (კალიფორნია) ააშენებს და გააფართოებს ოპერაციებს პიტსბურგში (პენსილვანია), ნიუ იორკსა და ბოულდერში (კოლორადო).

კომპანიამ წელს შეერთებულ შტატებში 6 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მალე კი სიეტლში, სან დიეგოსა და კულვერ სიტიში ათას-ათას ახალ თანამშრომელს აიყვანს.

Apple-მა თავის კუმპერტინოს კამპუსში, რომელსაც „სპეისშიპ“ (კოსმოსური ხომალდი) უწოდა, შარშან გადაინაცვლა. კომპანიის ოსტინის ცენტრი საინჟინრო, კვლევის და განვითარების, ფინანსების სფეროებზე იქნება ორიენტირებული.