„დიდი გადატრიალება“ ტექნიკის ბაზარზე - ვინ გადის „თამაშიდან“ და ვინ ვისთან ერთიანდება

2015 წლიდან საქართველოს ტექნიკის ბაზარზე მოთამაშეების შემცირებისა და გამსხვილების ტენდენცია შეინიშნება.როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ აჩვენა, მცირდება როგორც მსხვილი, ისე წვრილი მაღაზიათა ქსელების რაოდენობა. ზოგიერთი ბრენდული ქსელი „გადარჩენის მიზნით“ კონცენტრაციის გზას მიმართავს, წვრილი მაღაზიების ნაწილი კი ბაზრიდან საერთოდ ქრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა არის აღნიშნულის მიზეზი, როგორია კონკურენცია მსხვილ, ასევე წვრილ სავაჭრო ობიექტებს შორის და ზოგადად, ბოლო 3 წლის განმავლობაში რა ტენდენციები აღინიშნება ტექნიკის ბაზარზე.

ტექნიკის ბაზარი ციფრებში - ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და რეალიზატორი ტექნიკის მაღაზიები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სულ ტექნიკის 2000-მდე მაღაზიაა, რომელთაგან 1 954 წვრილი სავაჭრო ობიექტია.

რაც შეეხება დიდი ქსელებს შორის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ/რეალიზატორებს, „ელიტ ელექტრონიქსი“, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან გამოჩნდა და ამჟამად ქსელი 26 ფილიალითაა წარმოდგენილი.

„ტექნობუმი“ - 2010 წელს „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიერ დაარსდა. კომპანია ამჟამად 15 მაღაზიით არის წარმოდგენილი. „ალტას“ და „ოქეის“ გაერთიანების შემდეგ ჯამში 11 ფილიალი აქვს, ხოლო „არაის“ და „სმაილს“ - 10. ასევე 10 ფილიალითაა წარმოდგენილი „მეგატექნიკა “, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდა. „ბეკოს“ ჯამში 61 გაყიდვის წერტილი აქვს, ხოლო „ზუმერს“ - 8.

bpn

როგორია კონკურენცია მსხვილ და წვრილ ტექნიკის იმპორტიორ/ რეალიზატორებს შორის

ბოლო წლების განმავლობაში ტექნიკაზე მოთხოვნა მცირდება, მიწოდება კი იგივე რჩება, რაც ბიზნეს-სუბიექტებს შორის კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის. მოთხოვნის შემცირებას სპეციალისტები და თავად ბიზნესმენები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათი ნაწილის თქმით, ლარის დევალვაციას, მოგვიანებით საბანკო რეგულაციები დაემატა, რის გამოც განვადებაზე ხელისაწვდომობა შეიზღუდა და გაყიდვებიც შემცირდა.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ტექნიკის ის წვრილი მაღაზიები აღმოჩნდნენ, რომლებიც მომხმარებლებს ისედაც მწირ არჩევანს სთავაზობდნენ. მსხვილი ქსელები ერთმანეთთან კონკურენციის მიზნით, არამხოლოდ ტექნიკის მრავალფეროვანი სპექტრით არიან წარმოდგენილი, ხშირად ერთ შეძენილ ნივთზე, მეორე შედარებთ მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკას საჩუქრად ატანენ. თუმცა პატარა მაღაზიები მსგავსი შეთავაზების გაკეთებას მცირე რესურსებით ცხადია, ვერ ახერხებენ.

ამას ემატება მსხვილი ქსელების მიერ ტელეფონებზე დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლითაც მომხმარებლებს კონკრეტულ დროს ფასდაკლებებსა და „ლიკვიდაციაზე“ აწვდიან ინფორმაციას.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დიდი ქსელები სულ უფრო გააქტიურდნენ ონლაინ გაყიდვების მიმართულებითაც. მათ ყველა გასაყიდი პროდუქტი საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია. აქვე მოქმედებს „შინ მიტანის“ სერვისებიც, რაც ასევე მიუწვდომელია წვრილი ქსელებისთვის.

რაც შეეხება წვრილი მაღაზიების უპირატესობას, ბრენდული მაღაზიებისგან განსხვავებით მათთან ტექნიკის სარეალიზაციო ფასი შედარებით დაბალია. ამასთან, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდისას, წვრილ მაღაზიებთან შესაძლოა ფასდაკლებაზე მოლაპარაკებაც („შევაჭრება“). თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, ხშირად პატარა მაღაზიებში შეძენილ ტექნიკას საგარანტიო ვადა ან საერთოდ არ აქვს, ან ძალიან ხანმოკლე აქვს, რის გამოც მომხმარებლებში ნდობას ისევ მსხვილი ქსელები იმსახურებენ. ამის გამო, ბევრ წვრილ მაღაზიას პროფილის შეცვლა ან ბაზრიდან გასვლა უწევს.

ტექნიკის მაღაზიების შემცირების ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი სავაჭრო ცენტრ „კიდობანშია“. როგორც ტექნიკის მაღაზიების მფლობელები „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ, მაღაზიების ნაწილი გაყიდვების შემცირების გამო დაიხურა და თუ ვითარება არ შეიცვალა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათაც იგივე ბედი გაიზიარონ.

რაც შეეხება დიდ ქსელებს შორის კონკურენციას, ეს ძირითადად ექსკლუზიური პროდუქციის მოპოვებასა და „მარკეტინგულ ხრიკებში“ გამოიხატება. მაგალითად ისეთში, როგორიცაა „ლიკვიდაცია“, „1+1“, ლოტოტრონის გათამაშება, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების სპონსორობა და ა.შ. ხოლო ვინც ამ „შეჯიბრში“ აყოლას ვერ ახერხებს, ბაზრიდან გადის ან სხვა ქსელთან კონცენტრაციის გადაწყვეტილებას იღებს.

სავარაუდოდ, მაღალი კონკურენცია გახდა ბრენდული მაღაზია „მობის“ ბაზრიდან გასვლის მიზეზიც. ქსელი 2016 წლის 7 ოქტომბერს დაიხურა, პროდუქციაზე კი ლიკვიდაცია გამოაცხადა. „მობი“ ქართულ ბაზარზე 9 წლის განმავლობაში იყო და ჯამში 5 ფილიალს ფლობდა. კომპანიას დახურვის მიზეზებთან დაკავშრებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

საბანკო რეგულაციების გავლენა ტექნიკის ბაზარზე - რა გზებს მიმართეს მოთამაშეებმა საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებად

7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვის შემცირების მიზეზი გახდა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელების მფლობელები აცხადებენ, რომ გაყიდვები 20-დან 50%-მდე შემცირდა. როგორც ბაზრის მოთამაშეების ნაწილი ამბობს, ამის გამო გაფართოვება შეწყვიტა და ახლა მხოლოდ „ადგილის შენარჩუნებაზე“ მუშაობს.

„ქსელს აღარ ვაფართოვებთ და არც უახლოეს მომავალშიც ვგეგმავთ. ახლა ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის პოზიცია, რაც გვაქვს, რადგან ბაზართან ერთად გაყიდვები სულ უფრო მცირდება. ახლა უკვე ინეტრნეტ-მაღაზიაზე გადავერთეთ და ამ მიმართულების განვითარებას ვგეგმავ“, - აცხადებს „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე.

მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნისა და მაღაზიათა ქსელების შემცირების ტენდენცია 2015 წელს ლარის დევალვაციით დაიწყო, რასაც მოგვიანებით საბანკო რეგულაციები დაემატა. როგორც ანზორ ქოქოლაძე აღნიშნავს, თუ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, კომპანიები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ბაზარზე მოთამაშეების გარკვეული გადალაგება მოხდება.

„განვადების შემცირება თავისთავად გაყიდვებზე აისახა, რაც ბაზარს შეეტყო კიდეც და ამ მხრივ, საკმაოდ რთული მდგომარებაა. მოთხოვნა შემცირდა, შესაბამისად, კონკურენცია გაიზარდა. როგორც წვრილ, ისე მსხვილ მაღაზიებს უჭირთ, რადგან განვადების წილი თითქმის განახევრდა“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

bpn

გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ ტექნიკის სხვა მაღაზიებშიც, თუმცა ამ მიზეზით თანამშრომლების ან ფილილების შემცირებას უარყოფენ. მაგალიათად, „ელიტ ელექტრონიქსში“ ამბობენ, რომ ბოლო ფილიალი 2 თვის წინ გახსნეს და მიუხედავად არსებული დიდი კონკურენციისა, საკუთარ ადგილს მყარად ინარჩუნებენ.

მომავალში გაფართოვებას აანაონსებენ „არაი სმაილშიც“ თუმცა, კონცენტრაციის შემდეგ კომპანიას ჯამში 10 ფილიალი აქვს, ეს მაშინ, როდესაც გაერთიანებამდე, „სმაილი“ 14, ხოლო "არაი თუმოროუ" 11 მაღაზიით იყო წარმოდგენილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელების შერწყმა. ჯერ „ალტამ“ და „მეტრო მარტმა“ მიიღეს კონცენტრაციის გადაწყვეტილება, შემდეგ კი კონკურენციის სააგენტოს „სმაილმა“ და „არაიმ“ მიმართეს.

აღნიშნულის მიზეზად თავად მაღაზიათა ქსელებში მომსახურების გაუმჯობესებას ასახელებენ. "არაი-სმაილში" განმარტავენ, რომ ეს უკეთესია როგორც სამომხმარებლო ბაზრისთვის, ისე ფასის თვალსაზრისითაც. მათი თქმით, ადრე "არაის" სეგმენტი საშუალო და მაღალი, ხოლო "სმაილის" - დაბალი და საშუალო შემოსავლიანი იყო. გაერთიანების შემდეგ კი, ყველა ტიპის მომხმარებელი ეყოლებათ.

კომპანიაში არ უარყოფენ, რომ საბანკო რეგულაციებმა მათ განვადებების წილი შეამცირა. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ, „ბიზნესპრესნიუსთან“ „სმაილში“ გაყიდვების 20%-იან კლებაზე საუბრობდნენ.

ბაზარის მოთამაშეების გაერთიანებებთან დაკავშირებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს „პლიუს განვითრებისთვის“ ან „მინუს განვითარების“ გამო.

მათი თქმით, პირველი შემთხვევა კარგია, რადგან კომპანიების გაერთიანება ხარჯების დაზოგვის მიზნით უკეთესი მომსახურების მიწოდებას და განვითარებას გულისხმობს. თუმცა, თუ ეს ხდება - ფინანსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, თვითგადარჩენის მიზნით გადადგმული ნაბიჯია და აქ შესაძლოა, გაკოტრებების პროცესიც ვიხილოთ.

„ზოგადად, ბიზნესში ასეთ ტიპის გაერთიანებები კომპანიის დანახარჯებსაც ამცირებს, სერვისაც აუმჯობესებს და ა.შ გარდა ამისა, შესაძლებელია ასეთ გაერთიანებებზე კიდევ უფრო სხვა მიზნებისკენ მიდოდნენ. მაგალითად, იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარზე გამოვიდნენ, აქციები გამოიტანონ, უფრო მეტად გააფართოვონ სამომხმარებლო არეალი, ბიზნესი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია.

რაც შეეხება მეორე მხარეს, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს გაყიდვების სიმცირეს და იმის გამო, რომ კომპანიები ერთიანობაში გადარჩნენ, მიმართეს ამ გზას, რათა გააერთიანონ თანამშრომლები, ასევე როგორც სადისტრუბუციო, სამომხმარებლო და საგარანტიო ქსელები, ამით კი დაზოგონ დანახარჯი, რათა ბიზნესმა შეძლოს ოპერირება და განვითარება. მე ვფიქრობ, ამ პირობებში ტექნიკის მაღაზიებმა უფრო თვთგადარჩენის მექანიზმს მიმართეს, ვიდრე განვითარების“,-განაცხადა ბიზნეს სამართლის სპეციალისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

bpn

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომავალში ტექნიკის სხვა მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების გაერთინებაც ვიხილოთ, ბიზნეს სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ ამას გვიჩვენებს დრო და თუ კომპანიები „მინუს განვითარების“ გამო ერთიანდებიან, შეესაძლოა, მომავალში გაკოტრებებიც ვიხილოთ.

„წინაპირობა არის 2 - „პლიუს განვითარება“ და „მინუს განვითარება“. „პლიუს განვითარება“ არის, როდესაც ბიზნესისთვის შემოსავლიანობა იზრდება და გამსხვილება ხდება, რათა უფრო მეტი არეალი და ბაზარი მოიცვას. ხოლო როდესაც საქმე გვაქვს „მინუს განვითარებასთან“, აქ უფრო მეტად გადარჩენისკენ მიმართული ურთიერთობებია. ამიტომ, ეს კითხვა სრულიად ლოგიკურია და მე ვიქრობ, ამ ფონზე თავისთავად კიდევ გარკვეულ სიახლეებს ვიხილავთ.

თუ ამ გაერთიენებებითაც ვერ გაუძლეს ტექნიკის მაღაზიებმა, შეიძლება ჩვენ გაკოტრების პროცესებიც ვიხილოთ. მაგალითისთვის, როდესაც „თბს ბანკი“ შევიდა ელიტ ელექტრონიქსის ქსელში, ეს გაკოტრებას დაუკავშირდა, მაგრამ რეალურად ეს გაკოტრებაში არ გადაიზარდა, რადგან პარალელური სქელი „ტექნო ბუმი“ განვითარდა და ამან გვაჩვენა, რომ ბაზარზე კიდევ ახალი კომპანიები გამოჩნდნენ. ანუ „პლიუს განვითრების პერიოდი იყო და გაერთიანები უფრო ხდებოდა შერწყმისა და მოზიდვის ხარჯზე. ახლა კი უფრო მეტად ხდება თვითგადარჩენის მიზნით“,-განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

ნინი ქეთელაური