მიწის მართვის მიმართულებით, საქართველოში შესაძლოა, ახალი ორგანო - მიწის სააგენტო შეიქმნას. აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის 16 დეკემბრის შემდეგ, მოხდება მიწის შესახებ ორგანული კანონის პარლამენტში ინიცირება. კანონი ითვალისწინებს, რამდენიმე ძირითად პუნქტს. მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე - ფიზიკურ პირს არ ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება; უცხო ქვეყნის იურიდიული პირების შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება - წილების 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტი ფლობდეს. ამასთან, გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც მიწის მართვის მიმართულებით ბევრ პრობლემას დაარეგულირებს და მოაგვარებს. დღეს, რეალურად ქართული მიწის ფონდის ანალიზი არ არსებობს და მსგავსი ორგანო აუცილებელია, რადგან მოხდეს მიწის ინვენტარიზაცია - რამდენი გვაქვს სახნავი, სათიბი და ა.შ.,“-აღნიშნა დანელიამ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლითაც იზღუდება უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრება. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.