„კონკურენციის შესახებ კანონი საფინანსო სექტორზე არ უნდა გავრცელდეს“

„კონკურენციის შესახებ კანონი საფინანსო სექტორზე არ უნდა გავრცელდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ სექტორს საკუთარი მარეგულირებელი ორგანო - ეროვნული ბანკი უკვე ჰყავს.

„საფინანსო სექტორში კონკურენციას არეგულირებს კანონი ეროვნული ბანკის შესახებ. ეროვნული ბანკი კი არის და უნდა იყოს ერთადერთი რეგულატორი ამ სფეროში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც ცნობილია, კონკურენციის შესახებ ახალი კანონი ყველა სექტორზე, მათ შორის საფინანსო და ენერგეტიკის სფეროზე გავრცელდება. სააგენტოს უფლებამოსილების ზრდას „კონკურენციის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს და გაიზრდება უწყების ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.

„არის ძალიან დიდი აზრთა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, გაიზრდება სააგენტოს უფლებამოსილება. დღეს არის რამდენიმე სფერო, რომელზეც კონკურენციის შესახებ კანონი არ ვრცელდება. ესაა ენერგეტიკის სფერო, რომელიც სემეკის უფლებამოსილებაა. კომუნიკაციები, სადაც მარეგულირებლის ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასრულებს. ასევე საბანკო სექტორი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე გავრცელდება კონკურენციის კანონმდებლობა. ამასთან, აღსრულების ფუნქცია ისევ უკვე არსებულ მარეგულირებლების მოვალეობა იქნება. კონკურენციის კანონმდებლობა კი ყველა სფეროსთვის ერთნაირი უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ქრისტინე გამთენაძე