„დომინოს პიცა“ საკურორტო ზონებში მოძრავ პიცერიის პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობს.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტრმა საქართველოში, მარიამ ფაცაციამ განუცხადა. მისივე თქმით, სანაცვლოდ თბილისში კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნება და თანაც აქამდე არსებულისგან განსხვავებული კონცეფციის.
ახალი ფილიალი „ისთ ფოინთში“ გაიხსნება. მარიამ ფაცაციას განცხადებით, ის შესაძლოა, იქვე არსებულ გასართობ და ბოულინგის ცენტრებთან ადაპტირდეს, შესაბამისად, მომხმარებლებმა გართობა და პიცის დაგემოვნება ერთ სივრცეში შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ გასულ წელს მოძრავი პიცერიის გახსნას გუდაურში გეგმავდა, თუმცა როგორც მარიამ ფაცაცია აღნიშნავს, ამისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსის მოხმარება რიგით მეხუთე ფილიალზე გადაწყდა.
„მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი ფილიალი „ისთ ფოინთში“ გავხსნათ. გვინდოდა, ახალ წლამდე მოგვესწრო, თუმცა გარკვეული მიზეზებით, თებერვლის პირველ რიცხვებში გავხსნით. შესაბამისად, გუდაურში მოძრავი პიცერიისთვის რა ინვესტიციაც იყო გათალისიწინებული, თბილისში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მიიმართება. მოგეხსენეაბთ, მეოთხე ფილიალი გლდანში გავხსენით და აღმოსავლეთის მიმართულებას ნაკლებად ვფარავდით, ამიტომ არჩევანი სწორედ „ისთ ფოინთზე“ შევაჩერეთ“,- ამბობს მარიამ ფაცაცია.
როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ახალი ფილიალი ადგილზე 200-250 ადამიანს მოემსახურება და ამასთან, მიტანის სერვისით ვაზისუბნისა და ვარკეთილის ტერიტორიებს დაფარავს.
„ამ ფილიალის შემთხვევაში პრაქტიკულად, მთლიანად კონცეფციას ვცვლით და ბოლომდე გათვლილი იქნება გასართობ სავაჭრო ცენტრზე. აქედან გამომდინარე, დახლოებით, 200- 250 ადამინის მიღებას შეძლებს ადგილზე. რაც შეეხება ადგილზე მიტანის სერვისს, მთლიანად დავფარავთ ვაზისუბნისა და ვარკეთილის ტერიტორიებს. გარდა ამისა, ეს ფილიალი იმითაც იქნება განსხვავებული, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მენეჯმენტების გაერთიანებაზე. ანუ, ვითანამშრომლებთ გასართობ ცენტრთან, რომელიც მდებარეობს „ისთ ფოინთში“. სავარაუდოდ, წამოვიღებთ მთლიან მენეჯმენტს, ან ნაწილობრივ თანამშრომლობაზე ჩამოვყალიბდებით როგორც ბავშვთა გასართობ, ისე ბოულინგის ცენტრთან და ეს ორივე მათგანი კვების ნაწილში მხოლოდ „დომინოს პიცის“ ქვეში იქნება. მაგალითად, ჩვენთან გადაიხადონ დაბადების დღე, ნიშნავს, რომ გასართობი ცენტრით სარგებლობის უფლებაც ექნებათ. ჯერჯერობით მოლაპარაკების ეტაპია და საბოლოოდ დეკემბრის ბოლოს გადაწყდება, როდესაც ხელშეკრულებას გავაფორმებთ“,-აცხადებს მარიამ ფაცაცია.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც „დომინოს პიცის“ ადგილობრივი დირქეტორი აცხადებს, მომავალ წელს ფილიალი ბათუმშიც გაიხსნება.