იაპონიის 2019 წლის ფისკალური ბიუჯეტი 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

იაპონიის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი, 101.5 ტრილიონ იენს (894.4 მილიარდ დოლარს) აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ბიუჯეტის ზრდას, სოციალური უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სამუშაოების და თავდაცვის ხარჯების მატება განაპირობებს.

პრემიერ მინისტრ შინძო აბეს მთავრობა, დაახლოებით 32.7 ტრილიონი იენის ღირებულების სახელმწიფო ბონდებს გამოუშვებს, რომლების გაყიდვით მიღებული სახსრებიც, ბიუჯეტს მოხმარდება.

გარდა ამისა, მთავრობა წლის განმავლობაში დაახლოებით 62.5 ტრილიონ იენს გადასახადებით ამოიღებს. აბეს კაბინეტს ბიუჯეტის პოროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია და ამდენად, ეს ჯერ მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციაა. თუმცა როიტერსმა ის ოფიციალური წყაროებისგან მოიპოვა.

ეს ზედიზედ მეშვიდე ფისკალური წლის ბიუჯეტია, რომელიც ხარჯების რეკორდულ ზრდას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ამას სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების სწრაფი ზრდა განაპირობებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის დაბერების თანმდევი პროცესია. მთავრობის წევრთაგან დამტკიცების შემთხვევაში, ბიუჯეტი პარლამენტში გადაიგზავნება, რომელიც მას მომავალ წელს განიხილავს.

ინვესტორები შიშობენ, რომ ბიუჯეტის ხარჯის ზრდა, კიდევ ერთ მძიმე ტვირთს აჰკიდებს იაპონიის ფისკალურ მდგომარეობას, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს შორის, ყველაზე ნაკლებად მდგრადია - ქვეყნის დავალიანება, ჯამში თითქმის ორჯერ აღემატება მის 5-ტრილიონდოლარიან ეკონომიკას.