თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება

თბილისის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს ნაძვის ხის მონტაჟი. აქვე განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი. საკმაოდ საინტერესო იქნება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაც, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება. კონკრეტულ დროს მოგვიანებით მოგახსენებთ თუ რომელ საათზე აინთება. მინდა, მოვუწოდო ყველას, მოვიდნენ, წამოიყვანონ თავიანთი შვილები, შვილიშვილები და ერთად ავანთოთ ნაძვის ხე. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ნაძვის ხის ანთების ძალიან მასშტაბური ღონისძიება. მე ამაზე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, სიურპრიზად დატოვება მინდოდა, თუმცა, იმ პროექტის განხორციელება, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნებოდა ამის განხორციელება. თუმცა, 22 დეკემბერს, რასაც გავაკეთებთ მართლაც შთამბეჭდავი იქნება, არასდროს ყოფილა ასეთი ღონისძიება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები აწყობენ.

წლების მანძილზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იყო დადგმული, თუმცა, წელს თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდეს.