მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი ნაგავში იყრება

მიწების საერთო ფართობი, სადაც ”გადაყრისთვის” განწირული საკვები მოჰყავთ, მექსიკის ტერიტორიას უტოლდება.

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-ში წარმოებული პროდუქტების 40% ნაგავსაყრელზე ხვდება, ხოლო ევროპაში, ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე 100 მლნ ტონა საკვები პროდუქტი იყრება.

ამასთან, მსოფლიოში ადამიანების რიცხვმა, რომლებიც შიმშილობენ, 1 მლრდს მიაღწია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მონაცემების თანახმად, მსოფლიოში წარმოებული საკვების დაახლოებით მესამედი იკარგება ან გამოიყენება არადანიშნულებისამებრ.

მოხსენებაში ექსპერტები ასკვნიან, რომ მიუხედავად პრობლემის გლობალური ხასიათისა, ის მხოლოდ ადგილობრივ დონეზე შეიძლება გადაიჭრას. ამ პრობლემის საფუძველში დევს ბევრი სხვადასხვა მიზეზი და სხვადასხვა ქვეყნებს უწევთ მისი განსხვავებულად მოგვარება.

ექსპერტთა კომისიას, რომელმაც მოხსენება მოამზადა პროფესორი პერ პინსტრუპ-ანდერსენი ხელმძღვანელობდა.

ამერიკელი ფერმერი

კრის პაველსკის ნიუ-იორკის შტატში, თავის ფერმაში ხახვი მოჰყავს და მიღებულ მოსავალს მსხვილ მაღაზიებში აბარებს. თუმცა, მაღაზიები იღებენ მხოლოდ განსაზღვრული ზომის და არადეფექტიან პროდუქტს. მაგალითად ხახვის დიამეტრის ზომა არ უნდა იყოს 2 დუიმზე ნაკლები და მას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები.

ადრე, დარჩენილი პროდუქტი, რომელიც ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, პირდაპირ ნაგავსაყრელზე ხვდებოდა. თუმცა, ახლა პაველსკი დაუკავშირდა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას City Harvest-ს, რომელიც ნიუ-იორკის დაბალშემოსავლიან მცხოვრებლებს შორის სურსათს ანაწილებს.

საქველმოქმედო ორგანზაციაში აცხადებენ, რომ წელს 21 მლნ კილოგრამ სურსათს გადაარჩენენ განადგურებას - ამ სურსათში შედის ადგილობრივი ფერმერების ის პროდუქციაც, რომელსაც მაღაზიები და რესტორნები არ იღებენ.

ინფრასტრუქტურის პრობლემები

განვითარებად ქვეყნებში კი საკვები პროდუქტების დეფიციტის პრობლემა დგას. აქ ეს პრობლემა სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული. ერთ-ერთია ინფრასტრუქტურა.

მაგალითად, ინდოეთში არ არის სურსათის წარმოების მხრივ პრობლემა, აქ პრობლემას ქმნის ქვეყანაში არასაკმარისი ოდენობის საწყობები და მაცივრები. ინდოეთში მილიონობით ტონა სურსათი მხოლოდ იმიტომ იყრება, რომ მისი სათანადოდ შენახვა ვერ ხერხდება.

გაეროს მონაცემებით, მხოფლიოში წარმოებული სურსათის ოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა დღეში 4 000 კალორია მიიღოს, თუმცა სუფრაზე მხოლოდ 2 000 კალორია ხვდება.

ასეთი მფლანგველობისგან მიღებული ეკოლოგიური ზიანი კი კოლოსალურია.

მიწების საერთო ფართობი, სადაც ”გადაყრისთვის” განწირული საკვები მოჰყავთ, მექსიკის ტერიტორიას უტოლდება. ხოლო წყალი, რომელიც ამ ტერიტორიის მოსარწყავადაა განკუთვნილი 9 მლნ ადამიანს მოუკლავდა წყურვილს.