ყველის მწარმოებლები ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ყველის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ

როგორ იმოქმედებს კონტროლის ახალი წესი მცირე ფერმერულ მეურნეობებზე და როდიდან ამოქმედდება ყველზე კონტროლი?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ”საქმეში” სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ ისაუბრეს.

კახა სოხაძის განცხადებით, ყველის მწარმოებელს, თუ მას ბაზარზე გასაყიდად გააქვს პროდუქცია, ლაბორატორიული შემოწმება მოეთხოვება. მაგალითად, თუკი ფერმერმა გადაწყვიტა მცირე ოჯახურ მეურნეობაში დამზადებული ყველის გაყიდვა, მან აუცილებლად უნდა გააგზავნოს ნიმუში ლაბორატორიაში, რომლის დასკვნის გარეშეც მას ყველის გაყიდვის უფლება არ ექნება.

შესაბამისი კანონით, ნებისმიერი სახის სურსათი, რომელიც ხვდება ბაზარზე და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ არის განკუთვნილი, სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე ამბობს, არსებობს სურსათის წარმოების ჰიგიენის წესი, რომელსაც ყველა მეწარმე უნდა აკმაყოფილებდეს.

სოხაძე მომხმარებელს ურჩევს, თავი შეიკავონ სურსათის შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენის ნორმები დაცული არ არის. მისი თქმით, საქართველოში მრავლად არის ქაოსური გარე ვაჭრობის პრეცედენტები, სადაც პროდუქტის შეძენა განსაკუთრებით საშიშია ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა: ”საქმე”