ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 0,4 პროცენტით შემცირდა და 11531,2 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. „საქსტატი“ ენერგორესურსების მოხმარების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც „საქსტატიდან“ იუწყებიან, ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ნაკლები წყალმოდინებით.
„2017 წლის განმავლობაში მოპოვებულია 32,0 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2016 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით ნაკლები), 268,1 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9,6 პროცენტით ნაკლები) და 8,5 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 28,8 პროცენტით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში წარმოებულია 1937,8 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები). 2017 წელს მოხმარებულია 11208,5 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,9 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობის გაფართოებით, ასევე მომსახურების დარგებში და შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით“, – აცხადებენ „საქსტატში“.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2343,9 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3,6 პროცენტით მეტი), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1727,4. მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 7,7 პროცენტით მეტი).
მოხმარების ზრდა მეტწილად გამოწვეული იყო შინამეურნეობებში და მრეწველობის დარგში გაზრდილი მოთხოვნით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1269,7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9,5 პროცენტით ნაკლები), რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო შესაბამის პროდუქტებზე ფასების ზრდით.
„საქსტატის“ განცხადებით, ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 33,1 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29,7 პროცენტი) და ელექტროენერგია (22,1 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 8,3 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 6,8 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.
„2017 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 31,9 პროცენტი. 30,5 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19,8 პროცენტი - მრეწველობის დარგზე, 2,7 პროცენტი - მშენებლობაზე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე – 0,8 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურების სხვადასხვა მომხმარებლებზე ნაწილდება“, – აცხადებენ „საქსტატში“.