„ბიზნესსექტორი არ იყო მზად “ - რატომ გადავადდა სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა

სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენების აკრძალვა 5 წლით - 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

ამავე პერიოდით გადავადა ნორმა, რომლის მიხედვით, ღვინისა და სპირტიანი სასმელის ეტიკეტებზე აღნიშვნა - „ქართული ბრენდი“ ნებადართულია, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებულ სპირტს შეადგენს.

მწარმოებელთათვის ეს შეზღუდვები ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინიციატივით ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმები 2019 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რეგულაციები ბიზნესის წარმომადგენელთა თხოვნით გადავადდა. მისივე განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესსექტორი არ იყო მზად დაგეგმილი ცვლილებებისთვის.

„აღნიშნული ინიციატივა უშუალოდ დარგიდან იყო წამოსული. მოგეხსენებათ, კანონის ამოქმედებამდე მცირე ვადა რჩებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები დარგის წარმომადგენლებთან. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა, ვინაიდან არასაკმარისი ნედლეულის გამო, ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ამ დავალების შესრულებას,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, ბიზნეს სექტორის მხრიდან მეტი დრო იყო მოთხოვნილი, თუმცა საბოლოოდ ხუთი წლით გადავადებაზე შეჯერება მოხერხდა.

„ბიზნესმა ცოტა მეტი დრო მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით ხუთი წლით გადავადებაზე. იმ პირობით, რომ ჩვენ ქართული ბრენდის განვითარებისთვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს გავატარებთ ისევე როგორც ეს მოხდა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ნაწილში. ეს სამუშაოები კი დაიწყება გაზაფხულიდან,“- განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.

ქრისტინე გამთენაძე