მომხმარებელთა ფედერაციამ შპს "კორია-კუს" მიერ წარმოებულ ნაყინში ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოაჩინა

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ტყიბულში შპს "კორია-კუს" მიერ წარმოებულ ნაყინში ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფედერაციის მიერ ნაყინის ოცი ნიმუშისთვის ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

მადონა კოიძის თქმით, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ საქართველოს 10 ქალაქში ნაყინის 20 ნიმუში შეიძინა და კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩააბარა.

მისი განცხადებით, რვა ნიმუშიდან ოთხი ეჭვის საფუძველს იძლევა და მოკვლევისთვის გადაეცა სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ხოლო 4 კი - დაბინძურებულია.

"ძირითადი დაბინძურება, ეს არის ნაწლავის ჩხირი, ეგრეთ წოდებული კოლიფორმები. ერთ-ერთ ნიმუშში, ტყიბულში შპს "კორია-კუს" მიერ დამზადებულ ნაყინში აღმოჩენილია ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები. სტაფილოკოკი განსაკუთრებულ პირობებში გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს და კვებით მოშხამვას იწვევს", - აღნიშნა მადონა კოიძემ.

მისივე თქმით, მიკრობიოლოგიური დაბინძურება გააჩნია ასევე ზუგდიდში დამზადებულ ნაყინს შპს "ლეგო-L", ასევე ზესტაფონში შპს "სიურპრიზის" მიერ წარმოებულ ნაყინს და თბილისში შპს "კრისტალის" მიერ წარმოებულ ნაყინს.

კოიძის განცხადებით, მან მოინახულა ნაყინის რამდენიმე სარეალიზაციო წერტილი, სადაც ნაყინი ანტისანიტარულ პირობებში იყიდება. ყველა შემთხვევაზე ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სააგენტოს გადაეგზავნა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე მადონა კოიძემ განმარტება გააკეთა შპს "აისის" მიერ წარმოებულ "პლომბირი გურჯაანის ნაყინთან" დაკავშირებით. მან უარყო, რომ აღნიშნული შპს-ს მიერ წარმოებული ნაყინი დაბინძურებლია კოლიფორმებით. მეორედ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აღნიშნული არ დაადასტურა.