სამხრეთ კორეის უმსხვილესმა საავტომობილო კომპანიამ Hyundai Motor-მა საწარმოო ხაზში ავტომობილში თითის ანაბეჭდით შეღწევის ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყო. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, ამიერიდან მძღოლებს ავტომობილის კარის გაღება სენსორზე თითის მიდებით შეეძლებათ და ამისთვის არ დასჭირდებათ გასაღების გამოყენება, ისინი ასევე შეძლებენ ავტომობილის დაქოქვას.
თუ ერთ ავტომობილს რამდენიმე მძღოლი ჰყავს, სისტემა მათ ანაბეჭდებსაც დაიმახსოვრებს და ყოველ ჯერზე მათი იდენტიფიკაციისას ინდივიდუალურად იმოქმედებს.
პირველად თითის ანაბეჭდის სისტემა მოირგო განახლებულმა ქროსოვერმა Santa Fe-მ.
როგორც ცნობილია, თითის ანაბეჭდის ამომცნობი სისტემა უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა ავტომობილებში მისი დანერგვა უსაფრთხოების ზომებისა და სენსორების შესაძლო გაუმართაობის გამო რამდენჯერმე გადავადდა. ახლა კი მისი გამოყენება პირველად ხდება და Hyundai Motor აცხადებს, რომ ის პირველი საავტომობილო კომპანიაა, რომელიც მას სერიულ წარმოებაში იყენებს.
სისტემის შემქმნელების თქმით, შეცდომის ალბათობა 50 ათასთან მხოლოდ ერთია.