თბილისი-თიანეთის გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის 5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უწყებაში აცხადებენ, დღეს მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისი-თიანეთის რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერეს.

ეს მონაკვეთი თბილისი-თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის ნაწილს წარმოადგენს. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და 2014 წლის ივნისში დასრულდა. 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა: გზის სავალი ნაწილის, მიწის ვაკისის მოწყობის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების, ხელოვნური ნაგებობების (მილების), ბეტონის კიუვეტებისა და სპეციალური ბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოებს. გზაზე მოეწყო ახალი საორიენტაციო ბოძები და საგზაო ნიშნები. განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საგზაო კომპანია "თბილისმა" შეასრულა.

პროექტის ღირებულებამ 1.894.0 ათასი ლარი შეადგინა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შემცირდება სატრანსპორტო ხარჯები და მგზავრობის დრო. 16 სოფლის 3500-ზე მეტი მოსახლისა და ტურისტებისთვის მოგვარდება გადაადგილების პრობლემა. თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე ასევე, მიმდინარეობს მეორე, 12.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ39-კმ51) რეაბილიტაცია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის კმ39-კმ51 სარეაბილიტაციო მონაკვეთი დედაქალაქიდან სოფელ ხევსურთსოფლის გავლით თიანეთს უკავშირდება. პროექტის ღირებულება შეადგენს 4.169.9 ათას ლარს და სამუშაოებს შპს "გზამშენი 4" ასრულებს.