„იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში"

იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის წინაშე მოქალაქეები 2007 წლის შემდეგ დადგნენ, როდესაც მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პროცენტებზე ე.წ. ზედა ზღვარი მოიხსნა.

როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, ვალების განულებით მთავრობა ცდილობს, დაძლიოს ის პრობლემა, რომელიც 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა. „ჩვენ დავიწყეთ საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და დანერგვა. ის წესები, რაც საქართველოში მოქმედებდა, იყო არასამართლიანი და ხშირ შემთხვევაში იყო თაღლითური. ეს გახლავთ სწორედ იმის მიზეზი, რომ თითქმის 600 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდა ე. წ შავ სიაში, ეს ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა თავისი სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით მოხსნა ე.წ. ზედა ზღვარი პროცენტებზე. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ 500-600-700 და 1000%-იანი სესხები. ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც გახდა კატალიზატორი იმისა, რომ საქართველოში ჩვენ შეგვექმნა ჭარბვალიანობის პრობლემა და დღეს ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვცდილობთ დავძლიოთ ის პრობლემა, რომელიც შეიქმნა 2007 წლის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით. რაც შეეხება მომავალს, ჩვენი უკვე იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ეს ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში ან გაიცეს წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები. ეს არის სწორედ ის რეალური შეფასება, რომელიც შეიძლება ვუწოდოთ იმ სესხებს, რომელიც იყო თავის დროზე გაცემული იმ უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით. ჩვენ შევძელით რომ მომავალში დაგვეზღვია ასეთი რისკები, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მაგრამ რა უნდა გვექნა წარსულისთვის? სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო მუშაობა პრობლემური ვალების განულებაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.