საფრანგეთი 2019 წლიდან მსხვილ გადასახადს დააკისრებს უცხო ქვეყნების ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Google და Facebook-ს, ისე რომ, არ დაელოდება ამ საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე ემრის განცხადებით, მსგავსი გადასახადის ამოქმედება ქვეყანას წლიურად 500 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს.
დეკემბრის დასაწყისში ლე მერი აცხადებდა, რომ საფრანგეთი ამ გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებლად იმოქმედებდა, თუ საერთო ევროპული გადაწყვეტილება საკითხთან დაკავშირებით მარტამდე არ იქნებოდა მიღებული. თუმცა ემანუელ მაკრონის მიერ პარიზის საპროტესტო აქციების შემდეგ გაცხადებულმა ზომებმა ხელისუფლებისგან დამატებითი ხარჯების გაწევა მოითხოვა, რამაც ისინი აიძულა მოეძიათ ახალი შემოსავლის წყაროები.
შეგახსენებთ, მანამდე საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა 2018-2019 წლის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეამცირა. „ყვითელი ჟილეტების“ აქციების გამო საფრანგეთში ზრდის მაჩვენებელმა 1,6-დან 1,4%-მდე დაიწია.
ამასთან, „ყვითელი ჟილეტების“ მასშტაბური საპროტესტო აქციების საპასუხოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური ზომები საფრანგეთის ბიუჯეტს 8-10 მილიარდი ევრო დაუჯდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.