თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 318 მიმდინარე, 246 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც "ნაძალადევის" რაიონისთვის სახელის გადარქმევას გულისხმობს. „მცირე ისტორია ამ სახელზე: მე-19 საუკუნის დასასრულს და მე-20 საუკუნის თბილისის გეგმებზე რკინიგზის გადაღმა აღნიშნულია ძველი და ახალი ნაძალადევი, რომელთაც ხუდადოვის ტყის მასივი ყოფდა. ქალაქის ეს ნაწილი აღმოცენდა მე-19 საუკუნის 80–იან წლებში. რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა და მიწათმფლობელთა დაუკითხავად (ნაძალადევად) აშენებდნენ მცირე სახლებს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ უბანს „ნაძალადევი“ შეარქვა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარს ასეთივე დასახლება – „ახალი ნაძალადევი“ აღმოცენდა. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ 21-ე საუკუნეში მოხდება უბნის სახელის გადარქმევა და უარს ვიტყვით ამ ძველ სახელზე, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა არარელევანტურია. აღნიშნულის განხორციელება არაა დაკავშირებული დიდ ფინანსურ ხარჯებთან, რადგანაც მხოლოდ სახელის შეცვლას გულისხმობს. რაც შეეხება კონკრეტულად სახელს, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ თბილისის მერია ამისთვის დამატებით გამოკითხვას ჩაატარებს ქალაქის მოსახლეობაში. ვთვლი, რომ ეს განახლება უბნის განვითარებას, ინვესტიციების ზრდას და მოწესრიგებას დადებითად წაადგება,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში. აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 2019 წლის 12 თებერვლამდეა შესაძლებელი.