ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად თბილისში 64 ადამიანი გარდაიცვალა და 194 მოიწამლა. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა კვირის პრესკლუბში განაცხადა. თამაზაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
„სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. 2016 წელს 125 ადამიანი მოიწამლა და 29 გარდაიცვალა. გაზით ინტოქსიკაციით შემთხვევების რაოდენობა ჩვენ მიერ საინფორმაციო კამპანიის დაწყების შემდეგ შემცირდა და 2017 წელს 53 მოწამვლის, ხოლო 22 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. წელს კი, დღეის მონაცემებით, თბილისში 16 მოწამვლისა და 13 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. ეს კლებადობა ჩვენთვის მიუღებელია და ეს კამპანია უფრო აქტიურ ფაზაში გადავა,“-განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, ინტოქსიკაცია ძირითადად ღია წვის კამერიანი დანადგარებით ხდება. რომლებიც არასრული წვის რეჟიმში გადასვლის შედეგად CO-ს გამოყოფს.
„ამ ნივთიერებას არ აქვს სუნი და მისი შეგრძნება შეუძლებელია, რაც იწვევს ფატალურ შედეგებს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველის განცხადებით, გაზის გამათბობლებისა და სხვა დანადგარების შემოწმება ექსპლუატაციაში შესვლამდე უნდა განხორციელდეს.