სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუის ფაორომ მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიზანია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერება და მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლება.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ კოოპერატივებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარკეტინგული მასალების მომზადება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კოოპერატივებისათვის ინდივიდუალური ან ჯგუფური ტრენინგების ჩატარებას.

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1102 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.