ხარჯების ახალი ტალღა

2013 წელს საქართველოს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატების მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 3 782 528 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო უწყებებიდან ოფიციალურად გამოითხოვა.

IDFI-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა - 1 931 519 ლარი დახარჯულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს - 422 702 ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში - 296 616 ლარს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში - 188 395 ლარს.

"როგორც სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციიდან გამოჩნდა, 2013 წელს ყველაზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დეტალურად მოგვაწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი თანხა, 474 766 ლარი დაიხარჯა 2013 წლის 28-29 ივნისს ქ. ბათუმში სასტუმრო შერატონში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 163 553 ლარი. 2013 წელს სამინისტროს მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალურ მინისტერიალზე დაიხარჯა 51413 ლარი, ხოლო დიპლომატიური კორპუსის საახალწლო მიღებისთვის - 22 965 ლარი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში ინფორმაცია მოწოდებულია ხარჯების სახეების მიხედვით, თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ღონისძიების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ 2013 წელს "ბანკეტებისა და ლანჩებისთვის" დახარჯა 150 746 ლარი, ხოლო საჩუქრებისთვის - 67 275.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია დიასპორის დღის ღონისძიებასთან. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების ხარჯმა შეადგინა 33 238 ლარი, ოფიციალური სადილის ხარჯმა - 11 547 ლარი, ხოლო დარბაზის დაქირავების ხარჯმა - 13 500 ლარი.

ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი წილი 28 831 ლარი გახარჯულია 24-25 ივნისს საქართველო უკრაინის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომასთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროდან მიღებული სარესტორნო მომსახურების ჩეკებიდან ირკვევა, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით 2013 წლის 25 მაისს რესტორან ფაეტონში 81 პერსონაზე გამასპინძლებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 14 553 ლარი, მათ შორის მუსიკოსების მომსახურებაზე გაიხარჯა 3000 ლარი, ღვინის შეძენაზე 2170 ლარი, ერთი ლიტრი ჩივას რეგალის შეძენაზე - 182 ლარი, 22 კოლოფი სიგარეტის შეძენაზე 157 ლარი", - ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, IDFI აღნიშნავს, რომ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით ყველა სამინისტროს მიმართა, ერთადერთი სამინისტრო კი, რომელმაც აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.