თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მომდევნო კვირაში დაამტკიცოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განუცხადა.
"კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოშია. სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩვენ გვექნება კომისიების სხდომები, შემდეგ საკრებულოს სხდომა, რომელზეც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, როგორც იყო თავიდან დაანონსებული, არის გაზრდილი. ვფიქრობ, საინტერესო ბიუჯეტის პროექტია წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ საკრებულოს დღევანდელი სხდომის დატოვების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებები თბილისელების ინტერესებს ემსახურებოდა. ამდენად, მისთვის გაუგებარია, რას გამოუცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოიკოტი.
"ძალიან საინტერესოა, თუ რას გამოუცხადეს მათ ბოიკოტი. დღეს ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, მათ თემატურ განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს", - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა კი სხდომა ფრაქციის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის მიერ განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვეს. სხდომის დაწყებამდე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს, თუ რა მოხდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყანაში.