გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული. იგი ამას ბოლო პერიოდში ამ მიმართულებოთ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.

"ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. ამ წლის დასაწყისის სტატისტიკასთან შედარებით ბოლო პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა საგრძნობლად არის შემცირებული", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება დასაქმების პერსპექტივას, მისი თქმით, გერმანიის ბუნდესტაგი დღეს განიხილავს მიგრაციის კანონს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც ახლა არსებული მიგრაციის პროცედურები, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები.

"ამ კანონპროექტით გათვალისწინებული წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზეც. ერთი მხრივ ეს შეეხება როგორც მაღალკვალიფიციურ კადრებს, ასევე იმ სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლების კურსი დამთავრებული. დაახლოებით სამი კვირის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომ გერმანიას დაახლოებით 400 000 დამსაქმებელი ესაჭიროება დამატებით ეკონომიკის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, გერმანიას სჭირდება ბევრი მიმართულებით როგორც მაღალკვალიფიციური, ისე პროფესიული განათლების მქონე კადრები", - აღნიშნა ხოკრიშვილმა.