„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ მიერ დაფინანსებული საბურავების გადამამუშავებელი კომპანია „TRC“ პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსში „Meliora 2018“ წლის სტარტაპად დასახელდა. ასევე, კომპანიამ გაიმარჯვა კატეგორიაში - მწვანე ინიციატივა და ამ მიმართულებით, საუკეთესო პროექტი გახდა.
“საპარტნიორო ფონდის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია „TRC“ 2017 წელს, ნარჩენების შემცირებისა და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით შეიქმნა. პროექტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას, ეკონომიკური თვალსაზრისით კი, ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც სამომავლოდ იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, საიდანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა; კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები, რის შედეგადაც ნარჩენების მართვის პრობლემა მოგვარდა.
მომავალი წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნავთობქიმიის ფაკულტეტი კომპანია „TRC“-თან ერთად იწყებს სამწლიან პროექტს, რომლის მიზანიც არის გამოიკვლიოს, თუ რა ტიპის მაღალტექნოლოგიური ნაწარმის შექმნაა შესაძლებელი რეზინის გრანულებისგან.
მომავალ წელს კი კომპანია წარმოების რვაჯერ გაზრდას გეგმავს.
„სტარტაპ საქართველოს" ამ ეტაპზე 98 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 78 ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის, 20 კი – მაღალტექნოლოგიურს. „სტარტაპ საქართველო" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და 2016 წელს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნდა. კომპანიის მიზანია ქვეყანაში დამწყები ბიზნესის განვითარება.