„საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობს“.
აღნიშნული განცხადება ტალინში, ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციამ ტალინში, ენერგიის აღმოჩენის ცენტრი და საზღვაო მუზეუმი დაათვალიერა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო წილოსანმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მსგავსი ტიპის ლოკაციების განვითარება მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში, რომელიც დიდ აქცენტებს აკეთებს ტურიზმის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, მსგავსი ლოკაციები განვავითაროთ, რათა ტურისტებს სხვადასხვა სანახაობების მიღმა, შევთავაზოთ შემეცნებითი ადგილები.
პარლამენტარების ჯგუფმა, ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა ტურიზმის კანონმდებლობაზე იმისთვის, რომ გვქონდეს ტურიზმის მდგრადი განვითარება და ამ ზრდას ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. მნიშვნელოვანია კანონმდებლობის სრულყოფა არა მარტო რეგულაციების, არამედ, წახალისების და სტიმულირების კუთხითაც“, - განაცხადა წილოსანმა. მისივე შეფასებით, ესტონეთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ რესურსები ეკონომიკური სარგებლის მოტანასა და ტურიზმის გაზრდასთან ერთად, საგანმანათლებლო ადგილად ქცევისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „ენგურჰესის“ კაშხალის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობის მოწყობის პროექტზე ტალინის საზღვაო მუზეუმის კონცეფციის შემქმნელი ესტონელი ექსპერტები და არქიტექტორები მუშაობენ. „ჩვენ მოვინახულეთ ორი ძველი საწარმო, სადაც ძალიან კარგი, შემეცნებითი ადგილებია გაკეთებული იმისთვის, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა დ ა ახალგაზრდებმა საინტერესოდ გაატარონ დრო და ამასთანავე, უცხოელმა ტურისტებმა დაათვალიერონ იგი. კარგია, რომ აღნიშნული ორი ქარხნის კონცეფციის შემქმნელი ჯგუფი მუშაობს საქართველოში და ამუშავებს ენგურის ჰესზე ძალიან კარგ, სანახაობრივ პროექტს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა წილოსანმა.