არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხების რეგულირების შესახებ იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულმა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნათია ლატარიამ არქიტექტორთა სერტიფიცირების კონცეფცია წარადგინეს. დოკუმენტი მოიცავს არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის პროფესიონალიზმის შეფასებისა და აღიარების კრიტერიუმებს, სერტიფიკატის სახეებს, სერტიფიცირების პროცესს სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
დედაქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ეს საკითხი თბილისის ფარგლებში მოწესრიგდეს, თუმცა, არქიტექტურული კავშირის მოსაზრებით, არქიტექტორთა სერტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. რადგან მანამდე, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ შეიქმნება ცენტრალური საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მართავს და გააკონტროლებს ამ პროცესს, სწორედ მერიაა პასუხისმგებელი პროცესების სწორად წარმართვაზე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ დიდი ხანია მუშაობს პროფესიული საზოგადოება. „წინასწარი განხილვისთვის რაც იყო საჭირო ინფორმაცია მივიღეთ და მხარეებს შორის კომუნიკაციაც შედგა. პროცესი იმ დონემდეა მისული, რომ უკვე შესაძლებელია თავად ინიციატივაზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელოთ რა როგორ გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა კაკულიამ.