2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება.
აქედან ექსპორტი 3 033.5 მლნ აშშ დოლარს (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ აშშ დოლარს (16.8 პროცენტით მეტი) შეადგენს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 086.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„2018 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 658.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 356.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (18.4 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.4 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 015.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16.9 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.3 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 490.0 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 44.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 452.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (18.9 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.6 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 942.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.3 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.3 პროცენტი იყო,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (435.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (393.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (260.0 მლნ. აშშ დოლარი). ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან იმპორტში 65.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის:
თურქეთი (1 334.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (861.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (776.9 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება, ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას მათმა წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 550.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 254.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (967.0 მლნ. აშშ დოლარი). „2018 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 461.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.2 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 356.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 318.8 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 794.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 533.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 378.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.6 პროცენტი),“-აღნიშნულია ინფორმაციაში.