ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს მომავალში მცირე და საშუალო მეწარმეებს უამრავ ახალ ინიციატივას შევთავაზებთ

ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, სწორედ სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოოპერაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

მისივე თქმით, მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და დარგის მაქსიმალურად სწრაფად განვითარებისთვის არაერთი პროექტი შეიმუშავა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებში ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და სოფლად სიღარიბის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი.

"მისასალმებელია, რომ უმოკლეს დროში უკვე შეიქმნა 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული გაერთიანება. მასში გაწევრიანებული ფერმერები, გლეხები, მეწარმეები ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსით შეძლებენ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, აწარმოონ მაღალი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქცია და დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს გზა გაიარა ევროპამ, ეს გზა გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად გაჩნდა. პრემიერმა მოუწოდა მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, ახალი რეალობის გათვალისწინებით დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, რათა მაქსიმალურად მოახერხონ ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენება.