თბილისში, საავტორო ყველისა და სუნელების საწარმო გაქურდეს

ნასაგურში, სამგორის მეურნეობაში მეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილს ორი - სუნელებისა და ყველის საწარმო გაუტეხეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მეზურნიშვილმა განუცხადა, საწარმოებიდან სავარაუდოდ პროდუქცია და ინვენტარია წაღებული. მისივე თქმით, ფაქტი დღეს დილას მოხდა და ადგილზე ამ დრომდე პოლიცია მუშაობს. „საწარმოში ვერ შევდივართ და ზარალის ოდენობაზე ახლა საუბარი გამიჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ, წაღებულია ინვენტარი და როგორც მზა, ისე დასაფასოებელი პროდუქცია.

წაღებულია სუნებელი, რომლის საწარმოშიც 35 სახეობის სუნელი იყო და მათი ღირებულება დაახლოებით, 7-8 ათასი ლარია. რაც შეეხება ყველის საწარმოს, იმაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ შენობაში არ შევსულვარ. მართალია 1 კილოგრამი ყველის ფასი 120 ლარია, თუმცა, ეს არის დაობებული ყველი, რომელსაც სპეციფიური მყიდველი ჰყავს და იმას ვერსად გამოიყენებდნენ,“-აღნიშნა მეზურნიშვილმა. ცნობისთვის, სამგორის მეურნეობაში მდებარე ყველის საწარმოს მშენებლობაში დაახლოებით 40 000 ლარის ინვესტიციაა ჩადებული. ბაგრატ მეზურნიშვილი საკუთარი რეცეპტით, 27-ი სახეობის სპეციალურად დაობებულ/დავარგებულ ჭყინტ ყველს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მეზურნიშვილმა პროდუქციის აღიარების კოდიც მიიღო.

თაია არდოტელი