თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.
ამ ეტაპზე ვებგვერდზე 318 მიმდინარე, 246 დაბლოკილი, 466 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც ისნის მეტროსთან ესტაკადის გაკეთებას გულისხმობს.
„უამრავი შუქნიშნების და უსაფრთხოების კუნძულების მიუხედავად ქეთევან დედოფლის გამზირი მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიასთან ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაურეგულირებელი და შესაბამისად, გადატვირთული ავტოსატრანსპორტო კვანძია, რაც იწვევს მუდმივ საცობებს და უამრავი გამონაბოლქვის გამო ეკოლოგიურად ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს იქ არსებულ მიკროკლიმატზე. მაგალითად, რესტორან „ალაზნის“ გასწვრივ მდებარე შუქნიშნიდან (ქეთევან დედოფლის 65) ქეთევან დედოფლის 67 -მდე სულ სამასიოდე მეტრია, მაგრამ სამი შუქნიშანია გასავლელი და მის გავლას საცობების დროს შეიძლება 15 წთ-ზე მეტი დასჭირდეს, ნავთლუღის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი მუდმივ კონფლიქტშია ქეთევან დედოფლის გამზირზე მოსკოვის პროსპექტის მიმართულებით მოძრავ ავტონაკადთან, რადგან ვინ ვის უნდა დაუთმოს გზა არ არის განსაზღვრული და ა.შ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების რეალურად გადაწყვეტისათვის საჭიროა ელემენტარული ესტაკადის მოწყობა ზემოაღნიშნულ სამასმეტრიან მონაკვეთზე, რაც კატასტროფულ ხარჯებთან არ იქნება დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე ცინცაძე-კარტოზიას გზაგამტარისთვის გამოყოფილი 2 700 000 ლარი. შედეგად კი გვექნება უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობა, შემცირდება ტრანსპორტის გადაადგილების დრო, განიტვირთება მოძრაობა ქეთევან დედოფლის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, ნავთუღის ქუჩასა და კახეთის შესახვევზე და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში. აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემა 2019 წლის 8 თებერვლამდეა შესაძლებელი.