ამერიკელი მოსწავლეები საკუთარ კომპანიებს ხსნიან

ტომასი 15 წლისაა. ის უკვე გამოცდილი ბიზნესმენია.

კალიფორნიაში ბევრი ბიზნესმენი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, საკუთარ გეგმებს საიდუმლოდ ინახავს. ისინი ცდილობენ, ვიდრე პროდუქტი ბაზარზე არ გამოვა, დეტალები დამალონ.

ტომას სუარესი შეგვიძლია ტიპურ მაგალითად მივიჩნიოთ. ის ქმნის ახალ 3D პრინტერს, ელოდება პატენტს თავის ახალ გამოგონებაზე და არ სურს პროდუქტის კონსტრუქციის შესახებ დეტალები გაამჟღავნოს.

გამომგონებელი ერთ რამეს ამტკიცებს, რომ მისი პრინტერი 10-ჯერ სწრაფად იმუშავებს, ვიდრე აქამდე არსებული 3D პრინტერები. ის, ისევე როგორც ბევრი მისი კოლეგა, სავსეა ოპტიმიზმით. თუმცა, სხვა მეწარმეებთან ტომას სუარესის მსგავსება ამით სრულდება. ტომასი 15 წლისაა. ის უკვე გამოცდილი ბიზნესმენია.

სკოლაში წასვლამდე და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ის 3D ტექნოლოგიებზე მუშაობს ან წერს აპლიკაციებს სმარტფონებისა და Google Glass-ისთვის. ახალგაზრდა ბიზნესმენი Google Glass-ს თავადაც არ იხსნის თვალიდან.

მას საკუთარი კომპანია CarrotCorp აქვს, რომელიც ბიჭმა 11 წლის ასაკში დააფუძნა, როდესაც აპლიკაციის წერა დაიწყო.

დღეისთვის მის ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას Bustin Jieber ჰქვია, რომელიც სმარტფონის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, ითამაშონ და ”გახდნენ ჯასტინ ბიბერები”.

კალიფორნია ყოველთვის გამოირჩეოდა მოწინავე ახალგაზრდული კულტურით და აქტიური მეწარმეობით. ახლა კი, სულ უფრო ხშირად ხდება, რომ არასრულწლოვნები საკუთარ კომპანიებს აფუძნებენ.

”აპლიკაციების კლუბი”

საინტერესოა, არასრულწლოვანისთვის ეს რთული საქმე არ არის?

ტომასს კითხეს, ისურვებდა თუ არა თავისი ბიზნესის ნაცვლად ქუჩაში ბავშვებთან ეთამაშა, რაზეც პატარა ბიზნესმენმა მიუგო - ”რაღაც მიბიძგებს და მინდა, რომ მომავალშიც გავაგრძელო რამე ახლის გამოგონება”.

ტომასი მიიჩნევს, რომ ბავშვებს სკოლაში პროგრამირებას უნდა ასწავლიდნენ. ”ჩემი ასაკის ბევრ ბავშვს სურს ამის შესწავლა, მაგრამ ამას ვერსად აკეთებს”,- ამბობს ტომასი.

ამიტომ, ტომასმა და მისმა მეგობრებმა დააფუძნეს ”აპლიკაციების კლუბი”, სადაც ისინი ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ.

სოციალური მეწარმეობა

თუმცა, კალიფორნიაში არის უფრო ამბიციური სკოლებიც. მაგალითად, ლოს-ანჯელესში Incubator School-ში ბევრ არასრულწლოვანს იმედი აქვს, რომ მილიარდერი გახდება, როცა გაიზრდება. კლასსა და კორიდორში ბავშვები კორპორატიული ჟარგონისა და ვიდეო-თამაშების სლენგის ენით ლაპარაკობენ. აქ კლასიდან კლასში კი არა, საფეხურიდან საფეხურზე გადადიან.

სკოლა ბავშვებს მხოლოდ საკუთარი კომპანიების გახსნას არ ასწავლის. სკოლის დირექტორი სუჯატ ბხატი ამბობს, რომ მეწარმეობა სკოლის ძირითადი განხრაა. ”მსურს, რომ ბავშვებმა საკუთარი სტარტაპები შექმნან”,- ამბობს დირექტორი.

სკოლის მოსწავლეებსაც რომ კითხოთ, თუ ვინ უნდათ გამოვიდნენ, ყველა მათგანი გიპასუხებს, რომ სურთ მომავალში საკუთარი კომპანია დააფუძნონ.

”ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, თუ რას გავაკეთებთ სამომავლოდ, როცა გავიზრდებით. ჩვენ ჩვენი მომავლის კონცეფციაც კი დავწერეთ”- ამბობს 11 წლის ექსან ვარნუსი.

Incubator School მხოლოდ ერთი წელია, რაც გაიხსნა.

სიხარბე თუ მეწარმის სული

საკითხავია, არ ეშინია სკოლის დირექტორს იმის, რომ ბავშვებში სიხარბეს გააღვივებს, ან რომ ისინი ძალიან პატარები არიან ბიზნესის სწავლისთვის? თავად დირექტორი მიიჩნევს, რომ სკოლა ბავშვებს მეწარმეობას ასწავლის.

”მოსწავლეები სწავლობენ ჯგუფში მუშაობას, ერთმანეთთან თანამშრომლობას, ეცნობიან ეთიკის წესებს. სოციალური მეწარმეობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მეწარმეობა მოგების სანაცვლოდ. ჩვენ გვსურს, რომ ბავშვებმა შეხედონ სამყაროს და თქვან: ”აი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, რა მჭირდება იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადავჭრა და სამყარო უკეთესი გავხადო?” - ამბობს სუჯატ ბჰატი.

ზოგიერთი მოსწავლე უკვე ოცნებობს, გახდეს მომავალი ცუკერბერგი ან სპილბერგი.