გამოფენა “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის” გაიმართება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართელოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 10-12 ივლისს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-6 პავილიონში ტარდება გამოფენა - “ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის”.

საქართელოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია გამოავლინოს და წარმოაჩინოს საქართველოში არსებული გამოყენებითი კვლევების შედეგები და ტექნოლოგიები, ხელი შეუწყოს ინოვატორებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის წახალისებას, ახალი ინოვაციური პროექტების დაწყებას და სტარტ-აპ კომპანიების გაჩენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ინოვაციური პროექტი და გამოგონება სხვადასხვა ინდუსტრიისათვის.

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ქართველ მეცნიერებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს საშუალება მიეცემათ ბიზნესის წარმომადგენლებს და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნონ საკუთარი ინოვაცია თუ გამოგონების ეფექტური მოდელი. ასევე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები სადაც განხილული იქნება ინოვაციების კომერციალიზაციის თანამედროვე ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიების ტრანსფერის სტრატეგიული საკითხები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სხვა. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციასა და მის გავლენაზე მეწარმეობასა და ინდუსტრიაზე.

ღონისძიების პირველ დღეს მეცნიერები და გამომგონებლები ბიზნესის წინაშე საკუთარი პროექტების პრეზენტაციას განახორციელებენ. სამივე დღეს, პრეზენტაციებისა და სემინარების პარალელურად, გაიმართება 150-მდე ინოვაციის და გამოგონების გამოფენა.

გამოფენის შემდგომ, სააგენტო უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული ინოვაციების და გამოგონებების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ პროექტების კომერციალიზაცია და ბაზარზე გასვლა განხორციელდეს, გაიზარდოს არსებული ინოვაციური სტარტ-აპ კომპანიების კონკურენტუნარიანობა, ასევე ინფორმაცია გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიების შესახებ გამოქვეყნდება სპეციალურ კრებულში.