"ჯანმო-ს საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება"

მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს შემთხვევიდან იღებს გაკვეთილებს, ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ საქართველოში მიღებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მოხდება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე სფეროში მუშაობს, რაც არის მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამაზე მუშაობა ჩვენ 2 წლის წინ დავიწყეთ. იმისათვის, რომ ეს პროგრამა იყოს უფრო მდგრადი, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, მუშაობა გაგრძელდეს. მეორე - ეს არის თამბაქოს კონტროლის კანონი. როგორც იცით, ყოველწლიურად, 11000 ადამიანი თამბაქოს გამო იღუპება და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი უკვე დანერგილია და ვითარდება. მესამე მიმართულება ეს არის ინფექციური დაავადებები. ყველამ ვიცით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც სხვა დონორებთან ერთად მხარს უჭერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს შემთხვევიდან იღებს გაკვეთილებს, ითვალისწინებს სხვა ქვეყნების გამოცდილებას და შემდეგ საქართველოში მიღებული გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება მოხდება. ეს არის ორმხრივი სწავლის საშუალება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში ორი ტიპის სამუშაო აქვს: ნორმატიული სტანდარტების დაწესება და ქვეყნების ტექნიკური დახმარება. საქართველოში სწორედ ტექნიკური დახმარება ძალიან დიდი მასტაბით ხდება”,- განაცხადა მარიან ივანუშამ.