დედაქალაქში სანიტარული ჭრების ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრა გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხეები დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზე მოიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომელმაც ქალაქში მასშტაბურად მიმდინარე ჭრების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.
გიგა გიგაშვილის განცხადებით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეები დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაავადებული ხეების ნაცვლად, ახალ ნერგებს დარგავს.
„როგორც უკვე მრავალჯერ იყო გაცხადებული, თბილისის მერიამ დაიწყო ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება დედაქალაქში, როგორიცაა ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება. დედაქალაქში ეს პრობლემა, უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. შესაბამისად, წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი ხე-მცენარე, რომლის მოჭრა აუცილებელი და სასწრაფოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.
როგორც გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, დედაქალაქში დაირგო 7 ათასამდე ხე, რომლითაც ერთი მხრივ, არსებული მწვანე საფარი განახლდა და მეორე მხრიც, დაავადების გამო მოჭრილი ხეები ჩანაცვლდა.