„მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის შემდეგ, ქვეყანაში უკვე 800 მილიონი ლარი არის რეინვესტირებული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნეს ასცოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა კერძო სექტორს დარჩა განვითარებისთვის და კაპიტალიზაციის გაზრდისთვის. შესაბამისად, მისი განმარტებით, ესტონური მოდელის კონკრეტული შედეგები, რეფორმის განხორციელებიდან ორი წლის თავზე მნიშვნელოვანია.
„დადებითი ეფექტი ამ მოდელს უკვე აქვს. ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმა მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის კუთხით კიდევ უფრო მეტ შედეგს მოუტანს ქვეყანას. ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის მხარდამჭერი იყო თავიდანვე და ამას კერძო სექტორთან გამართული შეხვედრების დროს ხელისუფლების წევრებთან მუდმივად ვაჟღერებდით“, - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა. ცნობისთვის, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მოგების გადასახადთან დაკავშირებით ამოქმედდა დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების გადასახადით იბეგრება არა მოგების მიღება, არამედ მოგების დივიდენდად განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოდელი ახალისებს კომპანიებს მოახდინონ მიღებული მოგების რეინვესტირება, მათივე საქმიანობაში. როგორც ცნობილია, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ამ ეტაპზე არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, სადაზღვევო სექტორზე, ლომბარდებსა და ინდმეწარმეებზე. 2023 წლიდან კი რეინვესტირების შემთხვევაში, მოგების გადასახადს აღარც საფინანსო სექტორი გადაიხდის.