”მიწის პრივატიზაციაზე რეგულაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაწესდება”

მიწის პრივატიზაციაზე რეგულაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაწესდება.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დაიხატა ისეთი სურათი, თითქოს მთავრობამ ფეხქვეშ გათელა კანონმდებლობა, თუმცა, მისი თქმით, მთავრობა დიდ პატივს სცემს კონსტიტუციას და ინსტიტუციებს.

"ჩვენ გვაქვს დისკრეცია, განვახორციელოთ პრივატიზაცია ან არ განვახორციელოთ. ამ ეტაპზე, სანამ ჩვენ არ დავაწესებთ ახალ რეგულაციებს, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს არარეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის საკუთრების ფლობის თაობაზე, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ამ ეტაპზე გავიტანოთ პრივატიზაციაზე ან არ გავიტანოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გავიტანოთ, სანამ არ დაწესდება ახალი რეგულაციები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგულაციები გულისხმობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს დღესაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.