თბილისის ანძა შესაძლოა, 25-წლიანი იჯარით გაიცეს

სატელევიზიო ანძის და რადიოქალაქის საინვესტიციო ღირებულება ჯამურად 30 მილიონი დოლარია, - ამის შესახებ თბილისის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პროექტზე მომზადებულია კვლევა, რომელიც დღეს ბიზნესსექტორს წარუდგინეს.

ბასილაიას თქმით, ანძის შემთხვევაში გასხვისება არ განიხილება და საუბარია იჯარაზე. რაც შეეხება რადიოქალაქს, ეს იქნება ჩვეულებრივი გასხვისება.

"ორივე პროექტზე იყო მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ორივე კვლევაზე იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. ამ ორი კვლევის პრეზენტაცია არის სწორედ დღეს. ჩვენ ვილაპარაკებთ იმ სავარაუდო გასხვისების და იჯარის პირობებზე, რითიც ჩვენ ვაპირებთ ამ ობიექტების გამოტანას ბიზნესისთვის, მაგრამ რასაც დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ არის ის, რომ ჩვენ ვართ ღია, რომ მივიღოთ დამატებითი შემოთავაზებები იმ პირობებთან დაკავშირებით, რა პირობებითაც გამოვიტანთ ამ ობიექტს. რაც შეეხება ჯამურ რაოდენობას თანხის, ეს არის 30 მილიონი დოლარი - 20 მილიონი არის რადიოქალაქის შემთხვევაში და 10 მილიონი არის ანძის შემთხვევაში. დაახლოებით, 250 მუდმივად დასაქმებული ეყოლება ამ ორ ობიექტს. ანძის შემთხვევაში ეს არის სტრატეგიული ობიექტი და ჩვენ არ განვიხილავთ გასხვისებას. ანძის შემთხვევაში ეს იქნება გრძელვადიანი იჯარა, ჩვენ ვფიქრობთ 25-წლიან იჯარაზე. თუმცა, თუ მივიღებთ გონივრულ შემოთავაზებას ბიზნესიდან, ჩვენ გადავხედავთ ამ ვადას და ვაჭრობა შედგება საიჯარო თანხაზე, რომელსაც გადაიხდის ბიზნესი ამ ობიექტში. რადიოქალაქის შემთხვევაში ეს იქნება ჩვეულებრივი გასხვისება ანუ აუქციონი იქნება, სავარაუდოდ, სადაც ინვესტორი შემოვა და უნდა განახორციელოს ის პროექტი, რაც ჩვენ გვაქვს შეთავაზებული და ვაჭრობა იქნება წარმოებული პრივატიზების თანხაზე", - განაცხადა გველესიანმა.

ბასილაიამ ასევე ისაუბრა, თუ რა განთავსდება აღნიშნულ ორი ობიექტზე.

"ანძის შემთხვევაში ეს იქნება რესტორანი, 70 მეტრის სიმაღლეზე და ამ ახალი ობიექტის სახურავზე იქნება გადმოსახედი, რომელზეც გაიხსნება ხედი მთელს ქალაქზე. რადიოქალაქის შემთხვევაში, გვინდა, რომ შევქმნათ ახალი მიზიდულობის წერტილი, რომელიც იქნება არამხოლოდ გლდანის და მუხიანის მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის და ტურისტებისთვის. იქ არის გათვლილი სპორტული სივრცეები, როგორიც არის აუზი, მოედნები, სკეიტ-პარკი და ა.შ. ასევე არის სავაჭრო სივრცე და სივრცე ბავშვებისთვის ანუ ეს იქნება სივრცე ყველასთვის, სადაც ადამიანს შეუძლია წავიდეს დღის საათებში ოჯახთან ერთად, ასევე წავიდეს მეგობრებთან ერთად საღამოს და დაისვენოს. ძირითადად, ეს იქნება სარეკრეაციო სივრცე",- განაცხადა ბასილაიამ.