სოციალური მომსახურების სააგენტომ „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა.
2018 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ჯამში, 1877 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის, 95 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
შემაჯამებელი კონფერენციის მიზანს, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
წლის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიღწევებზე,სამომავლო გეგმებსა და დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
ერთობლივად განხორცილებულ ფორუმებზე ისაუბრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ კორძახია და პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე ანგარიში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ღონისძიებას დამსაქმებლებთან და კოლეჯების ხელმძღვანელებთან ერთად პარტნიორი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ.
დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამისა" და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კერძოდ: საშუამავლო მომსახურება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებები, დასაქმების ფორუმები, მხარდაჭერითი დასაქმება, პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურება, მომზადება - გადამზადების, სუბსიდირების, სტაჟირებისა და სხვა პროგრამები.
ჯგუფურ კონსულტაციებში 1479 სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური კონსულტირება კი 16 275 სამუშაოს მაძიებელმა გაიარა. ინდივიდუალური პროფესიული კონსულტირება 530-ს, ჯგუფური კი 333 ბენეფიციარს გაეწია.
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა შშმ პირთათვის 341 ვაკანსია მოიძიეს. მხარდაჭერითი მომსახურება 274 შშმ პირს გაეწია. აქედან, 33 შშმ პირი დასაქმდა.
სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 14 დამსაქმებელი და 26 ბენეფიციარი, მათ შორის, 22 შშმ პირი. დღეის მდგომარეობით, შრომითი ხელშეკრულება უკვე გაუფორმდა 11 ბენეფიციარს, აქედან 9 შშმ პირია.
პროფესიული მომზადება - გადამზადების პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი კურსით უკვე 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. გასულ წლებთან შედარებით, მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაზე მეტყველებს. 2016 წლიდან დღემდე, უკვე 876 პირი დასაქმდა.
2018 წელს, თბილისსა (ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რაიონებში) და რეგიონებში (თელავი, ბათუმი, თეთრიწყარო და რუსთავი) დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით, 369 პირი დასაქმდა და მონიტორინგი კვლავაც გრძელდება.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სულ 229 555 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, აქტიური სამუშაოს მაძიებელია 194 296. წლის განმავლობაში, თავისუფალი სამუშაო ადგილი იყო 8932.
ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა. 2018 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა 5 კომპანია: ნიკორა ტრეიდი; ჯეოტურანი; აგროჰაბი; გრინვეის ჯორჯია; ჰიპერმარკეტების ქსელი კარფური. წლის საუკეთესო პარტნიორები გახდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე; შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი მერმისი; შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია.