რა ჯდება ახალი წლის ღამის გატარება გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროებში

ახალ წელს მთის კურორტებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ჩვეულებივ დღეებთან შედარებით, სასტუმროს ნომრის ფასებიც მაღალია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბაკურიანსა და გუდაურში მდებარე სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, საახალწლოდ ნომრების დაჯავშნა ხშირ შემთხვევაში, აპრილიდანაც კი იწყება. ფასები კი საშუალოდ, 100-დან 300 დოლარამდე მერყეობს.

მაგალითად, გუდაურში მდებარე სასტუმრო „გუდაურაში“ ახალი წლის ღამის გატარება 400-დან 600 ლარამდე ჯდება. თუმცა, როგორც სასტუმროს დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის უკვე ყველა ნომერი დაჯავშნილია.

„ჩვენთან სახალწლო ფასები 400-დან 600 ლარამდე მერყეობს. ამავე ფასში შედის სპეციალური პროგარამა, რომელიც დატვირთულია უფრო ტრადიციული ქართული ცეკვებითა და სიმღერებით. თუმცა ნომრები უკვე სრულად დაჯავშნილია და ამ ეტაპზე, ადგილები აღარ გვაქვს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმრო „გუდაურას“ დირექტორმა ირაკლი კუტალიამ.

გუდაურში მდებარე კიდევ ერთ სასტუმრო Quadrum-ში ახალი წლის ღამეს ნომრები 100-დან 300 დოლარამდე ღირს. თუმცა, თუ დამსვენებლებს საახალწლო პროგრამითაც სურთ სარგებლობა, ნომრის ფასს 30%-მდე დაემატება.

„ჩენთან ფასები 100-დან 300 დოლარამდეა. 31 დეკემბრის ღამეს გვაქვს სპეციალური პროგრამა და ნომრის შესაბამის თანხას ემატება 25-30%. თუმცა ეს ნებაყოფლობითია, რადგან ზოგს სურს, რომ სასტუმროდან გავიდეს და სადმე სხვაგან შეხვდეს ახალ წელს. პროგრამაში შედის ვახშამი და დიჯეის მომსახურება. თუ მანამდე რესტორნის გახსნაც მოვასწარით, უფრო საინტერესო პროგარამა გვექნება. ჩვენთან ნომრების დაჯავშნას წლის დასაწყისშივე, დაახლობით, აპრილში იწყებენ“,- აცხადებს სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი.

რაც შეეხება ბაკურიანს, სასტუმრო „ვილა პალასის“ ფასები 350 ლარიდან იწყება. თუმცა საახალწლო პროგრამით სარგელობის შემთხვევაში 50 დოლარი ემატება.

„ჩვენთან 2-ადგილიანი ნომრის ფასი 350 ლარიდან იწყება და 575 ლარამდე ადის. ასევე გვაქვს family room, რომელიც საახალწლო პერიოდში 600 ლარი ღირს. სპეციალურად ამ დღისთვის გვაქვს შესაბამისი პროგრამაც, რომელიც დამატებით 50 დოლარი ღირს. გვეყოლება მოწვეული მომღერალი, მოცეკვავეები და გვექნება ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა. ამ ეტაპზე თავისუფალი მხოლოდ 2 ნომერია“, - აცხადებენ სასტუმრო „ვილა პალასში“.

ბაკურიანში მდებარე კიდევ ერთ სასტუმრო „სნოუ პლაზაში“ ახალი წლის ღამეს 2-ადგილიანი ნომრის ფასი 190 დოლარია. როგორც სასტუმროში აცხადებენ, საახალწლო პროგრამაც ამავე ფასში შედის.

„190 დოლარი ღირს 2 კაციანი ნომერი. ამაში შედის სამჯერადი კვება, აუზი, საუნა და ა.შ. ახალ წელს გვექნება სპეციალური შეთავაზება, რაც გულისხმობს ვახშამს, შესაბამის გასართობ პროგრამას და ფოიერვერს. ეს ნომრის ღირებულებაში შედის, თუმცა, თუ რამე განსხვავებულს მოითხოვენ, თანხა ემატება. ამ ეტაპზე ნომრების 70% უკვე დაჯავშნილია“,-განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმრო „სნოუ პლაზაში“.

ნინი ქეთელაური