როგორ აპირებს მერია „ელიავას ბაზრობის“, „აკადემ“ ქალაქისა და ორთაჭალის ბაღების განვითარებას

„ელიავას ბაზრობის“, „აკადემ“ ქალაქისა და ორთაჭალის ბაღების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ელიავას ბაზრობის“, „აკადემ“ ქალაქისა და ორთაჭალის ბაღების განვითარების დასაგეგმად მეორედ გამოცხადებული 3.1 მლნ ლარიანი გამარტივებული შესყიდვა მერიამ გაიწვია. საუბარი იყო, ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მიკრორაიონების, გლდანის ტბის, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე - ხილიანის ქუჩების, ორთაჭალის ბაღებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე.

„ჩარჩო გეგმებს რაც შეეხება, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა კონკრეტული არეალები გამოყო, სადაც ყველანაირი მშენებლობა უნდა შეგვეჩერებინა და ამ ტერიტორიების განვითარების მიზნით ჩარჩო გეგმები უნდა დამზადებულიყო. ტენდერი ორჯერ გვქონდა გამოცხადებული, მაგრამ კომპანიებმა უარი განაცხადეს, რადგან საკმაოდ დიდ მოცულობაზეა საუბარი. ამის შემდეგ გენგეგმის ჯგუფთან და საკრებულოსთან გვქონდა შეხვედრა და რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ალბათ, ამ 11 არეალზე განაშენიანების რეგულირების გეგმებით წავალთ, რომლებიც უფრო დაზუსტებულია,“-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ჩარჩო გეგმების არეალებად განსაზღვრული იყო ტერიტორიები, რომელთაც ახასიათებთ საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, დეგრადირებული საბინაო ფონდი, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება.

თაია არდოტელი