სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ბუკიას ბაღში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ მოეწყო.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 30-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო.
„კოოპმარკეტზე“ წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ასევე ხილი და ყველი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საახალწლოდ უკვე მეორედ ჩატარდა.
დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.