„ევროპულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ“ –  სად გადის ქართული მატყლი, რომლის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა

ევროპიდან ქართულ მატყლზე მოთხოვნა მცირდება და პროდუქტი ძირითადად, კვლავ აზიურ ბაზარზე გადის, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა განუცხადა.

მიუხედავად ევროპიდან მოთხოვნის შემცირებისა, საქართველოდან მატყლის ექსპორტი მაინც იზრდება. თუ 2015 წელს საქართველოდან 125.1 ათასი დოლარის ღირებულების მატყლი გავიდა, 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 740. 2 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 447,5 ათასი დოლარის მატყლის ექსპორტი განხორციელდა.

ცნობისათვის, ქართული მატყლი იყო პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა. ე. წ. მესამე ქვეყნების სიას, საიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანაა შესაძლებელი, საქართველო 2017 წელს დაემატა. პირველ ჯერზე მატყლის დიდ ბრიტანეთში ექსპორტი ორმა ქართულმა კომპანიამ განახორციელა.

მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ევროპიდან ქართულ მატყლზე მოთხოვნა მცირდება და პროდუქტი ძირითადად, კვლავ აზიურ ბაზარზე გადის.

„ევროპას ხარისხის კუთხით სხვა სტანდარტები და მოთხოვნები აქვს. ჩვენ კი მათი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ძირითადად, მატყლის ხარისხი და გაპარსვის მეთოდი ქმნის პრობლემას. ცხვარი არასწორად იპარსება. პროდუქტი ხშირად მცენარის თესლებითაა დაბინძურებული. გადამუშავების დროს კი მისი დახარისხება გაცილებით რთულია, ვიდრე პარსვისას. მატყლი გადის ევროპაში, თუმცა მოთხოვნა შემცირებულია,“- განაცხადა მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელმა ბექა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქართულ მატყლზე მოთხოვნა ინდოეთიდან იზრდება. გონაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული მატყლი კვლევებისთვის ავსტრიაშია გაგზავნილი და ასოციაციაში ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან.

„წელს მსოფლიო ბაზარზე მატყლის ფასი არ არის დაბალი. თუმცა, თუ გარეცხილი მატყლი ღირს 2.5 დოლარი, ჩვენთან გაურეცხვაში 50 ცენტზე მეტს არ იხდიან. კიდევ ერთი საკითხია, ეს ფასი რამდენად მიდის მეცხვარემდე. მოგეხსენებათ, საქართველოში მეცხვარე თავად არ არის ექსპორტიორი,“-აღნიშნა ასოციაციის წევრმა.

ბექა გონაშვილის თქმით, ქართული ცხვარი სახორცე მიმართულებისაა. მისი მატყლი შედარებით უხეშია და დასამუშავებლად რთული.

„სწორედ აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ქართული მატყლის ექსპორტის ფოკუსური მიმართულება აზიური ბაზარი უნდა იყოს და არა ევროპა, რადგან ევროპაში ამ ტიპის პროდუქცია ნაკლებად სჭირდებათ,“-განაცხადა ბექა გონაშვილმა.

მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ცხვრის პარსვის მეთოდებისა და ზოგადად მეცხვარეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, დარგს ხელისუფლების დახმარება სჭირდება.

ქრისტინე გამთენაძე