მთავრობა „საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვას არ ითხოვს, - აღნიშნული განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.
მან უპასუხა დეპუტატების კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროა დაჩქარებული წესით მთავრობის მიერ ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტის განხილვა.
„კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა პარლამენტში შემოსული არ არის. ასე ვერც იქნება, რადგან ეს არის ახალი კანონპროექტი. უბრალოდ, კანონპროექტში არის ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლებელია დადებითად აისახოს მეწარმეებზე, როგორც საბაჟო პროცედურების გამარტივების კუთხით, ასევე საგადასახადო ჯარიმების შემცირების კუთხით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შესაძლოა, მოგვარდეს არაერთი დავა, რომელიც მიმდინარეობს და დავის პროცესში არსებულ საკითხებს შეეხება ცვლილებები. ეს კი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები სწრაფად იქნას მიღებული. გარდა ამისა, არსებობს ასოცირების ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები, რომელიც დროულად გვსურს შევიყვანოთ ძალაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განმარტებით, „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებით სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და მათი პოზიცია არის, რომ შესაძლებელია კანონპროექტი ახლა იქნას მიღებული, თუმცა რეგულაციები ძალაში შევიდეს მაგალითად, 1 ივლისიდან.
„ეს ნაწილიც შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ პროექტის ამოქმედების ვადის გადაწევა შესაძლებლობად განვიხილოთ“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, „საბაჟო კოდექსს“ განიხილავენ. ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს და მის გადადებას ითხოვს.