სტენფორდის სტუდენტები ანაკლიის განვითარების პროექტით დაინტერესდნენ

აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის 30 წარმატებული სტუდენტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და „თიბისი ჯგუფის“ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ამერიკელმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართ, რომლის პრეზენტაციაც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა წარადგინა.

სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის მრჩეველთან ერთად, საქართველოში სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე კერძო და სტარტაპერ სექტორის წარმომადგენლებს. „სტენფორდის უნივერსიტეტი, სასწავლო-კვლევითი მიზნით, ყოველწლიურად მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჩვენი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. განსაკუთრებით გვაინტერესებს, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენი აკადემიური თემაც ეს არის - თუ რა რეფორმები განხორციელდა საქართველოში, როგორია მისი აწმყო და როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან სამთავრობო, კერძო და სტარტაპ სექტორები,“- განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის ერთადერთმა ქართველმა სტუდენტმა დავით რუხაძემ, რომელიც უნივერსიტეტის ხუთ ლიდერ სტუდენტს შორისაა.

„ამ მხრივ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ჯგუფის“ მიერ განვლილი 26-წლიანი გზა უნიკალურია. ერთი შეხვედრითაც კი ჩანს, როგორი მაღალპროფესიული გუნდია შეკრებილი მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში, რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის და როგორ უყვართ თავიანთი საქმე. მამუკა ხაზარაძე ჩვენს ფავორიტ სპიკერად დასახელდა,“ - ასე შეაჯამეს შეხვედრა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.