ვალების განულების თაობაზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე დაუკავშირდა. სააგენტოში დილიდან ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი პირების ზარები არ წყდება.
მათი განცხადებითაც, შესაბამის კომპანიებში ვალების განულებაზე უარს ეუბნებიან.
„მეც 2,5 წელია კრედიტი მაქვს გამოტანილი და არაფერი შემიტანია. პრობლემური აქტივების ბიუროში კი მეუბნებიან, რომ შიდა კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ, შიდა კრიტერიუმი კი ის აქვთ, რომ სასამართლოზე აქვთ გადაცემული და ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ უნულებენ. გუშინ დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ სესხების განულება მათაც ეხება, ვისი საქმეს სასამართლოშია გადაცემული, თუმცა მითხრეს, ჩვენთან ასე არ ხდებაო. 250 ლარიანი კრედიტი აღებული მაქვს „მინიკრედიტში“, 300-ლარიანი კი „მოზოში“, - აცნობა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.
კიდევ ერთის ინფორმაციით კი, მთავრობის მიერ ვალების განულების პროგრამის ამოქმედების შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ხანდაზმული სესხი გაუაქტიურა.
„2008 წელს ავიღე სესხი „თიბისი ბანკში“ 2200 ლარის ოდენობით, ასევე 6000 ლარიანი საკრედიტო ბარათი. 2200 ლარიან სესხზე ძირი მქონდა დარჩენილი 516 ლარამდე; რაც შეეხება საკრედიტო ბარათს, მინიმალური შესატანი შემქონდა, თუმცა დავკარგე სამსახური და ვეღარ ვახერხებდი სესხი გადახდას, რაც თავისთავად გადავიდა დარღვევაში. დაახლოებით 2013 წელს დამიკავშირდნენ პრობლემური აქტივების ბიუროდან და მითხრეს, რომ სესხი უნდა გადამეხადა. კანონის გათვალისწინებით მოთხოვნა სესხზე იყო ხანდაზმული და პრობლემური აქტივების ბიუროს ვუთხარი, რომ არ ჰქონდათ უფლება სესხის დაფარვა მოეთხოვათ. 2015 წელს იგივე „თიბისი ბანკში“ ჩამერიცხა ხელფასი და ავიღე კიდეც ჩვეულებრივად. რა ხდება ამის შემდეგ? რაც დაანონსდა სესხის განულების პროგრამა მთავრობის მიერ, დავინტერესდი ჩემი სესხის განულებასთან დაკავშირებით. vali.ge-ზე შევედი, თუმცა ჩემი მონაცემები არ ამოაგდო. მივმართე „თიბისი ბანკს“ და ვნახე, რომ სესხი, რომელიც მგონია, რომ ხანდაზმულია, ისევ აქტიურია და ჯამში შეადგენს 75 000 ლარს. როგორც ჩანს, რაც ვალის განულების ინიციატივა დაანონსდა, „გამიცოცხლეს“ სესხი, რომელიც წესით და კანონის სრული დაცვით ჩამოწერილი უნდა ყოფილიყო. გთხოვთ დამეხმაროთ, რადგან 75 000 ლარის გადახდა თუ დამეკისრა, მთელი ჩემი ცხოვრება ვალის გადახდას უნდა მოვანდომო. სახელმწიფო არ ინტერესდება, იცავს თუ არა ესა თუ ის საფინანსო ინსტიტუტი კანონს და ხომ არ აქვს საქმე რაიმე კანონდარღვევას“, - აღნიშნა მოქალაქე გიორგი გაგუამ.
„ინტერპრესნიუსს“ ვალების ჩამოწერის კუთხით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე დღეში არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. როგორც ისინი აცხადებენ, სესხების განულებაზე უარს ეუბნებიან კომპანიები: mycredit-ი, "მონეზა", masesxe.ge, crediton.ge, "ნეტკრედიტი", "ვივუსი" და mozo.ge და "ფინფორტი".
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. შავ სიაში, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ.